LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვითარდებოდა სოციალური მეწარმეობა საქართველოში – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, დიდი გამოწვევაა“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

33
სოციალური მეწარმეობა

სოციალური მეწარმეობა საქართველოში 10 წელზე ცოტა მეტია რაც ვითარდება. შედეგად, ამ დროისთვის, 150-მდე მოქმედ სოციალურ საწარმოს ვხვდებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

სოციალური საწარმოები საქართველოში მრავალფეროვანია, როგორც ბიზნეს მოდელით, ასევე სოციალური მისიებით. როგორ ვითარდებოდა სოციალური მეწარმეობა საქართველოში, რა იყო 10 წლის წინ და სად ვართ ახლა.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ეკა დათუაშვილი საქართველოს სტრაგეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მეწარმეობის პროგრამის მენეჯერი საუბრობს.

– მთელი სეზონის განმავლობაში 25-ზე მეტი სოციალური საწარმო გავაშუქეთ. წლის ბოლოს შემაჯამებელ სტუმრად მოგიწვიეთ, რომ იმ გზის შესახებ მოგვიყვეთ, რაც გაიარეთ. თქვენ და თქვენი ორგანიზაცია ამ საქმის ერთ-ერთი მოთავე იყავით. სად იყავით 10 წლის წინ და სად მოვედით დღეს? 

– ვადევნებდი თვალს თქვენს გადაცემას, ბევრი სოციალური საწარმო გააცანით მსმენელებს. მიხარია, რომ საქართველოში სოციალური საწარმოს  ამდენი კარგი მაგალითი არსებობს.

ჩვენ როდესაც ვიწყებდით საქმიანობას, იყო 2010 წელი. იმ დროს ტერმინი- სოციალური საწარმო არ იყო ცნობილი. ძალიან ცოტა მაგალითები გვქონდა, რომელიც თავის მუშაობის პრინციპით მეწარმეობას ჰგავდა, მაგრამ ასეთი ბიზნესის მაწარმოებელი ადამიანები და სოცმეწარმეები თავის თავს ვერც კი აღიქვამდნენ სოცსაწარმოდ, რადგან არ იცოდნენ რას ნიშნავდა თავად ტერმინი. უბრალოდ აკეთებდნენ იმ საქმეს, რისიც სჯეროდათ. მაგრამ მაშინ ასეთი საწარმოების მხოლოდ 2-3 მაგალითი გვქონდა.

2010 წელს  დავიწყეთ სოცმეწარმეობაზე განვითარებაზე ზრუნვა.

დასაწყისში თემით დაინტერესდა ევროპის ფონდი და  British Council, რომელიც  სოციალურ მეწარმეობის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა.

British Council-ის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თავიანთი ცოდნა გაგვიზიარეს და ნელ-ნელა უფრო მეტი გავიგეთ და შესაბამისად განვავითარეთ ჩვენი პროგრამა.

მას მერე არც ისე ბევრი დრო გავიდა და თქვენ უკვე ამდენი საწარმო გააცანით საზოგადოებას.

– ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, იყო ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. პრობლემა დღესაც ბოლომდე არ აღმოფხვრილა. თუმცა განუხრელად იზრდება იმ თანხის მოცულობა, რა თანხითაც ფინანსდებიან სოციალური საწარმოები თუნდაც თქვენი ორგანიზაციის გავლით. 

როგორია დღეს დონორებზე დამოკიდებულება და როგორია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ამ სექტორში?

– ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სწორად აღნიშნეთ, რომ არის დიდი გამოწვევა, რადგან თვითონ სოციალური საწარმოს ბუნება არის ორმაგი ხასიათის. ასეთი საწარმოები თავის თავში ატარებენ  სოციალურ და რა თქმა უნდა, ბიზნეს მიზნებს.

სოციალური კომპონენტები ხშირად რისკებს უქმნის  ბიზნესს, მის მომგებიანობას უფრო ამცირებს, იმიტომ რომ სოციალური მიზნების მიღწევას თავისი დანახარჯები აქვს, რაც მოგებას ამცირებს საწარმოში. აქედან გამომდინარე, თუ რისკების შეფასებით მიუდგებიან ჩვეულებრივ ბიზნეზს საფინანსო ინსტიტუტები და ჩვეულებრივ ბიზნესად შეაფასებენ, არ იქნება სოცსაწარმო მომგებიან  მდგომარეობაში და ვერც მიიღებს ტრადიციული ბიზნესის ხელმისაწვდომ დაფინანსებებს.

თუმცა დონორების მხრიდან უფრო და უფრო იზრდება დაინტერესება. განსაკუთრებით  ევროკავშირია სოცსაწარმოების დიდი მხარდამჭერი.

შედარებით უფრო ნაკლებად არის ხელმისაწვდომი განვითარებული სოცსაწარმოების გაფართოების რესურსები. ამ მიმართულებით ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა და  საქართველოში პირველი გავლენის ფონდი შევქმენით.

– ჩვენ  „აქციო“ გვყავდა სტუმრად გადაცემაში და ვრცლად ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რაც ამ ფონდს აქვს. როგორ გეგმავთ შემდეგი გაფართოების დაფინანსებას? გასაგებია, რომ კვალიფიკაციის ამაღლება და ბიზნეს უწყვეტობაც მნიშვნელოვანი იქნება. 

– როდესაც ფინანსურად მხარს ვუჭერთ რომელიმე ორგანიზაციას, ან საწარმოს, ყოველთვის მას თან ახლავს ტექნიკური მხარდაჭერა კონსულტაციებით და ტრენინგებით.

ვგეგმავთ, რომ ასეც გავაგრძელოთ. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრს, რომ ეკოსისტემა სოცსაწარმოებისთვის იყოს ხელშემწყობი. ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვართ საფინანსო ინსტიტუტებთან, იმისთვის, რომ სოციალურ პროგრამებში გაითვალისწინონ სოციალური საწარმოების მხარდაჭერა.

– კარგი გეგმები გაქვთ და მე მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, ამ თემის ცნობადობა და ასევე დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან შეიცვლება და გაუმჯობესდება და კიდევ უფრო ცნობილი სოციალური მეწარმე გვეყოლება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g