„როგორც ვიცი ეძებდნენ, როგორც ომის მონაწილეს და დაიჭირეს კიდევაც“, – ამის შესახებ სოფელ კირბალში ჟურნალისტებს 6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა განუცხადა.
მისი თქმით მოკლულს 2 ტყვია აქვს მოხვედრილი.
„მე ვნახე, მე ჩავაცვი, მე ჩავაწვინე. 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. 2008 წელს მონაწილეობდა ომში წოდებით მაიორი იყო და როგორც ვიცი ეძებდნენ, როგორც ომის მონაწილეს და დაიჭირეს კიდევაც, მეტი არაფერი ვიცი“, – აღნიშნა გივი გინტურმა.
ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.