Audi-ს ავტომობილების დიზაინი ნაკლებად აგრესიული და მეტად მეგობრული გახდება. ამის შესახებ Top Gear-თან ინტერვიუში ბრენდის შეფ-დიზაინერმა ისაუბრა. მისი თქმით, სტილისტთა გუნდი მუშაობს იმისთვის რომ მომავლის მოდელების ვიზუალი მაქსიმალურად „შეამსუბუქოს“ და მაგალითისთვის მოიყვანა კონცეპტი Activesphere, რომლის ვიზუალშიც „არც რამე ზედმეტი და არც აგრესია“ აღარ არის. დიზაინერმა ეს იმით ახსნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში სისასტიკე და აგრესია ისედაც დიდი დოზითაა.
შეიცვლება დიზაინის მიმართ მიდგომაც: პირველ რიგში შეიქმნება ინტერიერი, შემდეგ უკვე ძარა. გარდა ამისა, ელექტრომობილებზე გადასვლით დიზაინერები მოქმედების მეტ თავისუფლებას მიიღებენ, რამეთუ ელემენტიანი მანქანები კონსტრუქციის თვალსაზრისით ბევრად უფრო ფართო გასაქანს იძლევა.
Audi-ს გეგმების მიხედვით, შიდა წვის ძრავის მქონე ბოლო ავტომობილის დებიუტი 2025 წელს შედგება, 2026 წლიდან კი ავტომწარმოებელი მთლიანად ელექტროქარებზე კონცენტრირდება.