ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა დღის რაციონის სწორად დაგეგმვასა და პროდუქტებზე, რომლებიც ჯანსაღი კვებისა და წონის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია.
ექიმის განმარტებით, ჯანსაღი, დაბალანსებული კვების დროს რაციონიდან პურისა და შოკოლადის სრულად ამოღება აუცილებელი არ არის. საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს, რათა ორგანიზმმა საჭირო ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები მიიღოს.
მისი თქმით, პურისა და პარკოსნების გამორიცხვამ შესაძლოა B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი გამოიწვიოს, რაც ტვინის მუშაობაზე, ენერგიასა და განწყობაზე აისახება.
შოთა ჯანჯღავა საუზმისთვის ყველის, კვერცხის, პურის, არაჟნისა და ავოკადოს ტოსტებს, ასევე რძის პროდუქტებთან ერთად შვრიის ფაფას გვირჩევს. მისი განმარტებით, ცხიმები აუცილებელია ქალისა და მამაკაცის ჰორმონების სინთეზისთვის.
წახემსებისთვის შესაძლებელია ხილის, იოგურტის, მაწვნის ან ხაჭოს მიღება. სპეციალისტის თქმით, ხილის დღიური რაოდენობა დაახლოებით 300–400 გრამი შეიძლება იყოს, დღეში ორჯერ.
სადილისთვის რეკომენდებულია ბოსტნეულის წვნიანი, ხორცი, კატლეტი ან გუფთა, ხოლო კვირაში 1–2-ჯერ – თევზი. რაციონში სასურველია მწვანე სალათის ფურცლების, ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს ჩართვაც.
ენდოკრინოლოგის რჩევით, ვახშამი მსუბუქი უნდა იყოს და კვება დაძინებამდე 3–4 საათით ადრე უნდა შეწყდეს. საღამოს შესაძლებელია ბოსტნეულის წვნიანის, მაწვნის, კეფირის, ხაჭოს ან მცირე ულუფა წიწიბურის მიღება.
შოთა ჯანჯღავა აღნიშნავს, რომ წონის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში კვების სწორად განაწილება და დაბალანსებული რაციონის შენარჩუნება.
