ლამაზი ფასადური სახეები – ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, „ქართული ოცნების” პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ – საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული სპორტსმენი არავის უნახავს , – ასეთია “ევროოპტიმისტების” წევრის რომან გოცირიძის პოზიცია იმ ახალ სახეებთან დაკავშირებით, ვინც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში წარადგინა.
გოცირიძის აზრით, „მათ პარლამენტში არავითარი ფუნქცია ექნებათ, ღილაკზე ხელის დაჭერის გარდა”.
“ქართული ოცნების” სია წარმოდგენილია იმ ძველი სახეებით, ვინც ქვეყანას უღალატა, რუსეთის მხარე დაიჭირა, ანტიევროპული კანონები მიიღო და ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. ამ სიას ჰყავს გამლამაზებლები.
ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნისთვის საყვარელმა ადამიანებმა არ გაითვალისწინეს, თუ რა ბედი ეწია სპორტსმენებს, ვინც დღეს პარლამენტში არიან. ეს ადამიანები “ქართულმა ოცნებამ” ღალატის თანამონაწილე გახადა და კენჭისყრის ღილაკზე ხელის დამჭერ სტატისტებად აქცია.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა
ამ დეპუტატებს პარლამენტში არავითარი ფუნქცია არ ექნება, ღილაკზე ხელის დაჭერის გარდა.
პოლიტიკა არის ხელობა და სპეციალობა – ადამიანები პარლამენტში იმის გამო არ უნდა ხვდებოდეს, რომ არის ვიღაცის შვილიშვილი, რომ კარგად იმღერა ან ბიზნესში რაღაც წარმატებას მიაღწია.
საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული სპორტსმენი არავის უნახავს. ფეხბურთელი რომ ჰოკეის მოედანზე ათამაშო სასაცილო იქნება და პირიქით. ერთია, როცა შენს სივრცეში წარმატებული გმირი ხარ, მაგრამ, როდესაც შენი სივრციდან სხვა სივრცეში გადადიხარ, ბუნებრივია, კრიტიკის ობიექტი გახდები.
როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ და საჯარო პირი ხდები, ბუნებრივია, დამოკიდებულება სხვა სტანდარტის იქნება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნება” სპორტსმენების ავტორიტეტს “სამარცხვინოდ” იყენებს.
“სამარცხვინო იყო კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი. მათ ხვიჩა კვარაცხელიას დაურეკეს, განახორციელეს ვიდეო-ზარი, გამარჯვება მიულოცეს, რაც მათმა პიარმა გადაიღო. ჰკითხეთ კვარაცხელიას უნდოდა თუ არა ამ საუბრის გამჟღავნება? მიულოცეს და ეს მილოცვა პოლიტიკურად გამოიყენეს – სხვათა შორის, ვინც გოლი გაიტანა, მას რატომ არ დაურეკეს? გუნდის კაპიტანს გურამ კაშიას რატომ არ დაურეკეს? – არ დაურეკეს იმიტომ, რომ ლგბტ სამკლავური გაიკეთა, ხო?!
ის რაც გამოაქვეყნეს, ფარული ჩანაწერია – რამდენიც არ უნდა ურეკონ კვარაცხელიას, ის “ქოცი” არასდროს გახდება! მეტიც, “ქოცი” თუნდაც იმიტომ არ გახდება, რომ როცა კვარაცხელიას სადეპუტატო ვადა მოუწევს, “ქოცობა” დიდი ხნის გადაშენებული იქნება”, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.