ევრობასკეტ 2017-ის კალენდარი ცნობილი იყო, თუმცა საათობრივად გაწერილი არ ყოფილა, ახლა კი ფიბა-მ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს დროებიც დაუნიშნა. ჩვენთვის, ცხადია, საინტერესოა B ჯგუფი, რომელიც ისრაელში გაიმართება და მასპინძელ ქვეყანასთან ერთად მასში საქართველო, გერმანია, ლიტვა, უკრაინა და იტალია იქნებიან გაერთიანებულნი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე გაიმართება. B ჯგუფში, Menora Mivtachim Arena-ზე შეჯიბრი 31 აგვისტოს თბილისის დროით 18:45 საათზე გერმანიისა და უკრაინის მატჩით გაიხსნება, 21:30 საათიდან კი საქმეში საქართველოც ჩაებმება. ჩვენი ნაკრების მეტოქე ჯგუფისა და სრულიად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ლიტვა იქნება.
1 სექტემბერს B ჯგუფის გუნდები ისვენებენ, 2-ში კი, 18:45 საათიდან ქართველი კალათბურთელები გერმანიას დაუპირისპირდებიან. 3 სექტემბერს იმავე დროს საქართველოს ნაკრების პირისპირ უკრაინა დადგება, რომელიც წინა დღეს იტალიასთან თამაშს დაახლოებით 23:00 საათისთვის დაასრულებს.
მეორე დასვენების დღე 4 სექტემბერი იქნება. 5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი მასპინძელ ისრაელს გაეჯიბრება და ეს თამაში, გასაგებ მიზეზთა გამო, დღის ბოლოს, თბილისის დროით, 00:30 საათზე დაიწყება. 6 სექტემბერს საქართველოსა და იტალიის დაპირისპირება სტარტს 20:30 საათზე აიღებს.
შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი ერთბაშად ოთხ ქვეყანაში შედგება და მასპინძელთა შორის, ისრაელის გარდა, ფინური ჰელსინკი, რუმინული კლუჟ-ნაპოკა და თურქული სტამბულიც არიან.
თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 4 საუკეთესო გუნდი გადის. შესაბამისად, მეორე ეტაპზე გასული 16 გუნდი მეოთხედფინალის და ჩემპიონატის დარჩენილი მატჩების სათამაშოდ თურქეთის არაფორმალურ დედაქალაქ სტამბოლში გადაინაცვლებს.