LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია 6 მედია, რომლის სარედაქციო პოლიტიკა პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული და პრორუსული დისკურსით ხასიათდება – DRI-ის მიმოხილვა

203
სსსსსსსს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ულტრამემარჯვენე რიტორიკითა და სიძულვილის ენის ტირაჟირებით ცნობილი ონლაინ და მეინსტრიმული მედია პლატფორმების მესაკუთრეების და ყველაზე ხშირი რესპონდენტების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.

„DRI-ის მიერ მიმოხილული ექვსი მედია პლატფორმიდან, ორი – „ალტ-ინფო“ და „ობიექტივი“ სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს და უშუალოდ არის დაკავშირებული ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებთან. კერძოდ, 2021 წლის 7 დეკემბერს დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“  „ალტ-ინფოს“ ბაზაზეა შექმნილი, ხოლო მედია-კავშირი „ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე 2014 წლამდე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო.

საკვლევ ობიექტებად ასევე შეირჩა მკვეთრად პრორუსული მედია გამოცემები  „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“. მათი მთავარი და სასურველი რესპონდენტები ხშირად არიან ულტრამემარჯვენე ლიდერები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ მჟავანაძე, სანდრო ბრეგაძე, ზვიად ტომარაძე და სხვ.  აღნიშნულ ონლაინ პლატფორმებზე ხშირად ზიარდება სტატიები საკვლევ ობიექტად შერჩეული კიდევ ერთი, პრორუსული საინფორმაციო სააგენტო „News Front”-დან. აღნიშნულ პლატფორმას მოსკოვიდან მართავს შოთა აფხაიძე, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართულ მარშთან“ და გამოირჩევა პრორუსული რიტორიკით. ულტრამემარჯვენე დღის წესრიგი აქვს ასევე „პოლიტიკანოს“, რომელიც ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედია პლატფორმაა. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი პირდაპირ კავშირშია ულტრამემარჯვენე ლიდერ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, რომელიც  2018 წლიდან იკავებს პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს.

ექვსივე მედია პლატფორმის სარედაქციო პოლიტიკა ხასიათდება პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული და პრორუსული დისკურსით. ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ აქტორების ხელში ამომრჩეველთა მობილიზებისა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასავრცელებლად.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები და მათი ლიდერები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედია პლატფორმებს საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის. მედია გაშუქება კი ერთიორად ზრდის ულტრამემარჯვენე აქტორების საჯაროობას და მათ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ აქტივობებს მეტ ლეგიტიმაციას სძენს. მედიის პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერა, თავის მხრივ, განაპირობებს ულტრამემარჯვენე იდეების საზოგადოების ფართო წრეებში გავრცელებას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ მობილიზაციასა და კონსოლიდაციას“, – წერია გავრცელებულ მიმოხილვაში.