საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რისკს უცვლელად, “BB” დონეზე აფასებს, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი.
Fitch აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას საქართველოს ეკონომიკაზე, ჯერჯერობით, დადებითი შოკის ეფექტი მოჰყვა, რაც ქვეყანაში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, დაახლოებით, 90,000 მიგრანტის შემოდინებაში აისახა. ამან, თავის მხრივ, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები და ფულადი გზავნილები გაზარდა (+65%), ხოლო რუსეთიდან გზავნილები კი გასამმაგდა.
Fitch ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან ინარჩუნებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებს, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება ატარებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც მათ შორის რუსული ბანკის აქტივების ცვლილებასა და მინერალური წყლების მწარმოებლის მესაკუთრეებს შორის ცვლილებაში გამოიხატა.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, Fitch -ის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ მშპ-ს რეალური ზრდა პროგნოზირებულია 10.9%-ით 2022 წელს. 2023 წლისთვის Fitch ქვეყანაში 5.3%-იან ზრდას, 2024 წელს კი 4.7%-იან ზრდას პროგნოზირებს.
