მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „რუსეთმა უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის“. მისი განმარტებით,თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ეს იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით.
ოლაფ შოლცის აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზებას გამართლება არ აქვს.
„ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ რუსეთი გააფრთხილა, რომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მწვავე შედეგები მოჰყვება. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს მოხდეს, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. მკაფიოდ განვასხვავებთ დაუსაბუთებელ მოთხოვნასა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ ინტერესებს. ჩვენთვის ეუთოს ფუნდამენტური პრინციპები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, რუსეთი მათ დათანხმდა და ის მოიცავს სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. როცა პრეზიდენტ პუტინს შევხვდი, მე მას ნათლად ვუთხარი, რომ უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასი ექნება გადასახდელი. ჩვენ ვისწრაფვით, რაც შეიძლება მეტი დიპლომატიისკენ, გულუბრყვილობის გარეშე, დიპლომატიის მარცხის მიზეზი ჩვენ არ ვიქნებით,“- განაცხადა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს: იენს სტოლტენბერგი