უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების წინ, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარე სამხედრო ბაზაზე 300 ერთეულზე მეტი ტანკი განალაგა.
დნეპრში პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას პოროშენკომ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მან თანამგზავრიდან გადაღებულ მასალებზე ნახა. მისივე თქმით, ამავე ბაზებზე მიიყვანეს სამხედროები და საბრძოლო მასალები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ასევე ქერჩის სრუტის გადასაკეტად, სანაპირო ბატარეები და სარაკეტო კომპლექსები განათავსა, ჯარები განალაგა უკრაინის საზღვრის გასწვრივ და ძალები აზოვის ზღვის ოკუპაციისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა 26 ნოემბერს, 30 დღით, ქვეყნის 10 რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.