უკრაინა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაციას ადასტურებს – ამის შესახებ The Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ისაუბრა.
უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ირანელი სამხედრო მრჩევლები დაიღუპნენ დროებით ოკუპირებულ ყირიმში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სხვა ირანელი, რომელიც მოსკოვის შეჭრის მხარდასაჭერად უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავა, ასევე, სამიზნე გახდება.
ოლექსი დანილოვს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ირანელი კონსულტანტი გაანადგურეს.
„ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია და თუ ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, ჩვენ ისინი უნდა მოვკლათ.“ – განაცხადა ოლექსი დანილოვმა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, ირანელი კონსულტანტები იმყოფებოდნენ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, რათა დახმარებოდნენ რუსეთს თეირანის მთავრობის მიერ მოწოდებული ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში.