„ცენტრ-პოინტის“ საქმის განხილვა 26 ივლისს გაგრძელდება, სხდომაზე მოწმეებს დაკითხავენ.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მენაშენეებს მატერიალური ზარალი მიადგათ.
დღეს რუსუდან კერვალიშვილმა მოსამართლეს სთხოვა, რომ მისი დის, მაია რჩეულიშვილის ნაცვლად დაეპატიმრებინათ, რაზეც უარი მიიღო.
„სამი წელიწადია სასამართლოში დავდივარ ჩემს დასთან ერთად. სამი წელია თანამშრომლობის რეჟიმში ვიმყოფებით. როდესაც მაია ცდილობდა, რომ ადამიანებისთვის მიეცა ის, რისი ვალდებულებაც ერთი წამით თავიდან არ აგვიცილებია, სახელმწიფომ „საგადასახადო კოდექსში“ მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც, 2008 წლის ომის დროს დაზარალებული მშენებლობები დამატებითი ღირებულების გადასახადიდან უნდა გათავისუფლდნენ ანუ სახელმწიფომ ის ზარალი აღიარა, რომელიც სამშენებლო სექტორს მიადგა. პარალელურად აპატიმრებენ მაიას. მე არ ვარ სასარგებლო, რათა დაზარალებულებს შევუმსუბუქო მდგომარეობა. მოხარული ვიქნები, თუკი შესაძლებელია, რომ პატიმრობაში ვიყო მე, სამშენებლო სექტორს და არა მხოლოდ მაია რჩეულიშვილს კი მიეცეს საშუალება გააკეთონ ის საქმე, რა ვალდებულებაც აქვს მოქალაქეების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ჩვენ და ადამიანები ჩაგვრეცხეს“, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
მაია რჩეულიშვილის ქმარმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა კი დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.