რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ პარლამენტს გადაუგზავნა.
„2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე.
საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე,” – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო ორგანოებში საიდუმლოებისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, მისი ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და კონტროლის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან ობიექტებზე აგენტურის ჩანერგვის, ტექნიკური შეღწევისა და სხვა ნეგატიური ქმედებების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სარეჟიმო ობიექტებზე აქტიურად ხორციელდებოდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, პერმანენტულად ხდებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება,“ – ნათქვამია დოკუმენტში.