მსახიობი გოგოლა კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისა განმარტა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას არ უნდა ასამართლებდეს.
მისი თქმით, ქვეყანაში არ არის სამართლიანობის განცდა.
როგორც გოგოლა კალანდაძე ამბობს, მას ხმა „ქართული ოცნებისთვის“ არასდროს არ მიუცია და ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო, რადგან ეგონა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ისეთ მდგომარეობას შექმნიდა, როგორზეც თავად ოცნებობდა.
„დღეს საინფორმაციო გამოშვებას მოვუსმინე, სადაც პრემიერ-მინისტრი და მისი გარემოცვა ითხოვს ჟურნალისტების დასჯას. რატომ? იმიტომ, რომ ეთერში გავიდა ისეთი სიუჟეტი, რომელიც მათ არ მოეწონათ. თან ვერც იმართლებენ ამაზე თავს. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. მინდა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ ჩემმა და თქვენმა შვილებმა.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. ეს ქვეყანა ერთი კაცის, ერთი ადამიანის არაა. ეს ქვეყანა ჩვენი, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის არის. მე მჯერა მომავალი თაობის, რადგან ისინი ჩვენზე უფრო ნიჭიერები, წარმატებულები, კრეატიულები და რაც მთავარია, თავისუფალი ადამიანები არიან. მათში ვხედავ ახალ ძალას.
ძალიან მწყდება გული, რომ ერთმანეთის კამათში, ლანძღვაში და გინებაში გადის დრო. მე ეს არ მომწონს. მინდა სიყვარული იყოს. ვოცნებობ, რომ სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ ჩემმა შვილებმა. ახლა ქვეყანაში სამართლიანობის განცდა არ არის. თუნდაც მიშა სააკაშვილი არ უნდა იჯდეს და არ უნდა ასამართლებდეს ეს ხელისუფლება. მე ასე მგონია.
მე არასოდეს ხმა არ მიმიცია „ოცნებისთვის“ და მე ვიყავი მიშისტი. ამის თქმა არც მიტყდება, არც მრცხვენია და არც მეშინია. ამ კაცმა რეალურად გვაცხოვრა და იმედი მქონდა, რომ მე ვიცხოვრებდი ისეთ საქართველოში, როგორიც მე მინდოდა. სამწუხაროდ ძალიან ცუდი თვისება აქვთ ადამიანებს, რომ რაღაც რაღაცები ვერ დაინახეს. ამაზე მწყდება გული“, – აცხადებს გოგოლა კალანდაძე.
