ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არიან ოპოზიციური პარტიები რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ, როდესაც აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური პარტიების“ გავლენა სხვა, შედარებით პატარა პარტიებზე არსებობს.
ვოლსკი ამბობს, რომ ეს გავლენა დესტრუქციულია და საქართველოს შემდგომ განვითარების ინტერსს უპირისპირდება.
“არის ერთი კონკრეტული პარტია და ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე. ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შემიძლია შევაფასო, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება, ვითარდება დესტრუქციული პროცესები, ვგულისხმობ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა აიღეს არჩევნების დროს.
ფაქტია რომ ეს გავლენა არის დესტრუქციული და საქართველოს შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად უპირისპირდება. ეს თუ არ გაიაზრეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ვფიქრობ, რომ საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნება პოლიტიკურ ველზე, მაგრამ მმართველი პარტია, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ ამას გადავაყოლოთ საქართველოს ინტერესები“, – განაცხადა ვოლსკიმ.