ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს მხარდაჭერას უცხადებს.
სააკაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს, მისივე თქმით, ერთადერთ საშუალებად, დევნილების პროტესტი და საზოგადოების თანადგომა რჩება:
მე მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს, რომლებსაც ფეხებზე იკიდებს მთავრობა.
2008-ში, ჩვენ, გაეროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროგრამა განვახორციელეთ შიდა ქართლის დევნილთა სახლების აშენების. ათასობით სახლი თავისი ინფრასტრუქტურით აშენდა სამ თვეში. შემდეგ ჩვენ ევროკავშირთან ერთად დავიწყეთ აფხაზეთიდან დევნილების ბინების მშენებლობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო და თითოეულ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა.
ჩვენ ვაკეთებდით, რასაც ვამბობდით. სამწუხაროდ, ეს ხალხი ახლა მატყუარების ხელში არის ჩავარდნილი. ამიტომ, ერთადერთ საშუალებად რჩება მათი პროტესტი და საზოგადოების თანადგომა, რათა მატყუარა მთავრობას არ გაუვიდეს “დაყავი და იბატონე” პოლიტიკა”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.
ვრცლად პროტესტის შესახებ წაიკითხავთ აქ:
ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი ასევე ეხმიანება სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომლის გადაწყვეტილებას გაფიცვასთან დაკავშრებით:
“ჩემი სრული სოლიდარობა ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს.
სანამ სამინისტროს ბოსები თბილ კაბინეტებში ათასი ლარით იზრდიან ხელფასებს და ძირითადად, სტატისტიკის გაყალბებით არიან დაკავებული, სოციალური მუშაკები დადიან ქუჩა-ქუჩა ყინვაშიც და სიცხეშიც, უმძიმეს პირობებში მუშაობენ და ამაში მხოლოდ რამდენიმე ასეულ ლარს მიუგდებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს დიდი უსამართლობაა.
სოციალური მუშაკები თვითონ გახდნენ ფაქტობრივად სოციალურად დაუცველი და სხვები როგორღა უნდა დაიცვან”, – წერს სააკაშვილი.