LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციომ „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერის, ხატია ჯანაშიას მიმართ ბავშვის ვიდეოს გამოყენებისთვის დამცავი ორდერი ძალაში დატოვა

304
ხატია ჯანაშია

ა/ო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ძალადობრივი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერის, ხატია ჯანაშიას მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ მიიღო.

„საქმე შეეხებოდა ხატია ჯანაშიას მიერ არასრულწლოვნის ვიდეოს გამოყენებას, დამონტაჟებას და გავრცელებას იმგვარად, რომ საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა, თითქოს, არასრულწლოვანი საუბრობდა წიგნზე, რომელიც ლგბტქ თემატიკაზეა დაწერილი, რითაც წარმოიშვა საფრთხე არასრულწლოვნის მიმართ კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორდერი გამოცემული იყო კანონიერად. ორდერი გამოცემულია 9 თვის ვადით.

ხატია ჯანაშიას აეკრძალა არასრულწლოვნის გამოსახულების გამოყენება და გავრცელება; ასევე, ყველა სახის მედია საშუალებების (მათ შორის – სოციალური მედიის) და სოციალური ქსელების გამოყენებით, არასრულწლოვნის შესახებ საუბარი“, – ნათქვამია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერის, ხატია ჯანაშიას წინააღმდეგ, ბავშვის მიმართ დამცავი ორდერი 21 ივლისს გასცა.

ჯანაშიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჰომოფობიური შინაარსის ვიდეო, სადაც არასრულწლოვანის კადრები სხვაგვარ კონტექსტში იყო გამოყენებული.

magti 5g