“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით უნდა განხორციელდეს და აღნიშნავს, რომ “საარჩევნო კოდექსში” 34-40 ფუნდამენტური ცვლილებაა შესატანი.
გიორგი ვაშაძემ ამის შესახებ კაჭრეთში, მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ისინი შეხვედრაზე ტექნოლოგიურ-სამართლებრივი კუთხით მომზადებულები მივიდნენ და საკიტხებს დეტალურად გაივლიან:
“ძალიან ბევრი ცვლილებაა შესატანი. გუშინ გვქონდა საბოლოო სამუშაო შეხვედრა ოპოზიციურ შარლ მიშელის ჯგუფს, ასე დავარქმევდი, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. მომზადებული ჩამოვედით ტექნოლოგიურ-სამართლებრივი კუთხით. დღეს უკვე პირველი დეტალური გავლა გვექნება. ცვლილებებია საჭირო, მაგალითად – კომისიებში პარიტეტების ცვლილება, ტექნოლოგიების გამოყენება, იმისთვის რომ არჩევნები არ გაყალბდეს, პროცედურული და დავების ახლებური მექანიზმების გამოყენება. 34-40 ფუნდამენტური ცვლილებაა, რომლის მთავარი მიზანიც არის ის, რომ საარჩევნო გარემო იყოს სანდო და ადამიანი როცა მიდის არჩევნებზე, არ ეშინოდეს ხმის მოპარვის.
ინიცირებულ კანონპროექტშიც არის ბევრი ცვლილება შესატანი. მაგალითად, კომისიის წევრები საერთოდ აღარ იყო გათვალისწინებული საუბნო დონეზე და კომისიის წევრები უნდა იყოს საუბნო დონეზე, ამაზე ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შევთანხმდით. იგივე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს, რომელსაც აქვს ბარკოდი და შრტრიხკოდი და ეს ყველაფერი კონტროლდება რომ ვიღაცამ გარეთ არ გაიტანოს „კარუსელისთვის“. ფართო სპექტრია ცვლილებების.” – თქვა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, მმართველი პარტია შარლ მშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს ხვდება. განხილვის მთავარი თემა “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებებია.