ქალაქ პეკინში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო-ჩინეთის შერეული კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
საქართველოს მხრიდან სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო ჩინეთის მხრიდან – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტის სერვისების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანგ ჰიუჩუნი.
შეხვედრას ჩინეთის ტრანსპორტის ინოვაციების გლობალური კვლევითი ცენტრისა და საავტომობილო ტრანსპორტის ასოციაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ასევე შეთანხმდნენ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზე, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით სატრანსპორტო ოპერაციების უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.