LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში კიბო განაჩენი აღარაა, თუმცა, წარმატებულ მკურნალობას მხოლოდ დროული დიაგნოზირება უზრუნველყოფს – ონკო-გინეკოლოგი ნიკოლოზ სარაული

212
ნიკოლოზ-სარაული

23 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოგინეკოლოგი ნიკოლოზ სარაული სტუმრობდა, რომელმაც მეტად აქტუალურ თემაზე – საშვილოსნოს ყელის კიბოზე ისაუბრა.

– ბატონო ნიკოლოზ, როგორია სტატისტიკური მონაცემები მსოფლიოსა და საქართველოში?

– ზოგადად, ონკოლოგია რთული სფეროა, რომელიც უამრავ დაავადებას აერთიანებს, საშვილოსნოს ყელის სიმსივნე კი, მეორე ადგილზეა სიკვდილიანობის მიხედვით ძუძუს კიბოს შემდეგ. დაავადების პრევენცია იმ სკრინინგ-პროგრამით შეიძლება, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, რადგან სწორედ სკრინინგი ადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს, საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებებს ადრეულ სტადიაზე და ერთგვარ მიმართულებას გვაძლევს შემდგომი მკურნალობისთვის.

– რამდენად ხშირია დაგვიანებული შემთხვევები, რომელთა მკურნალობა შეუძლებელია?

– სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებადაა დამკვიდრებული პრევენციის მიზნით სამედიცინო შემოწმების გავლის კულტურა. ჩვენ მეტწილად დაავადების მეორე ან მესამე სტადიაზე გვაკითხავენ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ზოგადად, სკრინინგის ჩატარება 3 წელიწადში ერთხელაა რეკომენდებული, თუ რა თქმა უნდა, რაიმე დაზიანება ან პათოლოგია არ შეიმჩნევა.

– რა შესაძლებლობები აქვს 21-ე საუკუნის მედიცინას კიბოს სამკურნალოდ და რა მეთოდებს იყენებს კონკრეტულად თქვენი კლინიკა?

– რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ ავუწყოთ ფეხი მსოფლიო სტანდარტებს.  როგორც აღვნიშნე, ონკოლოგია მეტად რთული სფეროა, ამიტომ მკურნალობაც კომპლექსური სჭირდება. მთავარი დაავადების დროული დიაგნოზირება და სტადიის განსაზღვრაა, რათა დაინიშნოს მკურნალობის სწორი მეთოდი. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ცენტრი მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი, ამასთანავე, შესაძლებელია სხივური თერაპიის კურსის ჩატარებაც. საბედნიეროდ, ჩვენს კოლექტივს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს, ამიტომ არა მხოლოდ ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ოპერაციას ასრულებს, არამედ პაციენტის სრულ რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფს.

– რას ითვალისწინებს სარეაბილიტაციო კურსი?

– ჩვენ მკურნალობის ყველა ეტაპზე გუნდურად ვმუშაობთ და ერთდროულად ვთანამშრომლობთ ყველა პროფილის ექიმთან, რაც არა მხოლოდ მედიკოსებს უმარტივებს საქმეს, არამედ პაციენტის რეაბილიტაციასა და სწრაფად გამოჯანმრთელებასაც უწყობს ხელს.

– რამდენად მნიშვნელოვანია ყველა სპეციალისტისა და მომსახურების ერთ კლინიკაში თავმოყრა?

– რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მეტად ვერაგი დაავადების დამარცხება.

– რამდენად განკურნებადია სიმსივნური დაავადებები?

– საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში კიბო განაჩენი აღარაა, თუმცა, წარმატებულ მკურნალობას მხოლოდ დროული დიაგნოზირება უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ განსაკუთრებულ ყურადღებას სკრინინგს, რომელიც სასიკეთო შედეგის და ჯანსაღი ცხოვრების მთავარი გარანტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები