LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა თუ არა იაპონური ავტომობილების რადიაციული შემოწმება?

877

რამდენად საჭიროა მესაკუთრეებმა იაპონიიდან შემოყვანილი ავტომობილები რადიაციულ ფონზე შეამოწმონ? – ”ფორტუნა” ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ახალი ტიპის მომსახურება აამოქმედა – დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანა შეამოწმონ რადიაციულ დაბინძურებაზე.

როგორც ”ფორტუნას” გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაცული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განუცხადა, მომსახურების შეთავაზება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოქალაქეების ზარებმა იმატა.

მისივე განმარტებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში იაპონიიდან რადიაციულად დაბინძურებული ავტომობილები შემდის. შემოწმების შედეგად კი მოქალაქეები უფრო მშვიდდებიან. კონკრეტული ავტომობილი მეპატრონის თანდასწრებით მოწმდება და ეს მომსახურება 50 ლარი ღირს. თუმცა, გედევანიშვილის თქმით, საზღვარზე კონტეინერები რადიაციულ კონტროლს ისედაც გადის.

”რა თაქმა უნდა, ყველას ვუხსნით, რომ საზღვარზე ისედაც მოწმდება. თავდაპირველად, როცა გავაკეთეთ ამ მომსახურების შესახებ განცხადება, განცხადებაშიც დეტალურად ეწერა, რომ ისედაც კონტროლდება რადიაციული დონე და ჩვენ მომსახურებას უბრალოდ დამატებით ვთავაზობთ მოქალაეებს, რომ საკუთარი თვალით ნახონ და გადაამოწმონ. ხშირია ხოლმე ზარები, როცა გვეუბნებიან მაგალითად, რომ ფეხმძიმე მეუღლე ჰყავთ და მაინც ეშინიათ, რომ იქნებ ვინმემ კარგად არ შეამოწმა საზღვარზე, ან ვიღაცას გამორჩა და ა.შ. ზოგიერთ მოქალაქეს სურს საკუთარი თვალით ნახოს რადიაციული დონე, ჩვენი თანამშრომლები ხელსაწყოთი მიდიან და ადგილზე მეპატრონის თანდასწრებით ამოწმებენ. სამწუხაროდ, ვიღაცეებმა ინტერენეტით გაავრცელეს, თითქოს მანქანები შემოდის დაბინძურებული და გარკვერული შიში შეიქმნა მოქალაქეებში. თუმცა, საზღვარზე ეს ნადვილად კონტროლდებ,ა ” – განუცხადა ”ფორტუნას” ვასილ გედევანიშვილმა.

მისივე თქმით, დაახლოებით ორი კვირაა რაც აღნიშნული სერვისი ამოქმედდა, ამ დროისთვის კი 10-მდე ავტომობილი შემოწმდა. არც ერთ ასეთ შემთხვევაში რადიაციული დაბინძურების დონე არ გამოვლენილა. როგორც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი განმარტავს, დაინტერესება უფრო მაღალია, მოქალაქეები რეკავენ, თუმცა, მას შედეგ, რაც უხსნიან, რომ საზღვარზე მანქანები ისედაც მოწმდება,  დამატებით გადამოწმებაზე უარს ამბობენ.

”ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საზღვარზე რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლინდა. დაბინძურება იყო ძალიან მცირედით, ის მანქანები გაიწმინდა და მეპატრონეებმა წაიყვანეს. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც იმდენად მაღალი იყო დაბინძურება, რომ არ დაექვემდებარა გაწმენდას. მანქანა პატრონმა არ წაიყვანა და დღეს ის უსაფრთხო ადგილასაა განთავსებული,” – აღნიშნა გედევანიშვილმა.

საზღვარზე დაფიქსირებული რადიაციული დაბინძურების შემდეგ, პროცედურები შემდეგია:

”როდესაც პორტალზე ფიქსირდება ბუნებრივ ფონზე განსხვავებული ან შედარებით მაღალი რადიაცია, კონტეინერი ჩერდება. ეძახიან ჩვენ თანამშრომლებს. სააგენტოს თანამშრომლები მიდიან სპეციალური ხელსაწყოებით, ხსნიან ავტომობილს და ნახულობენ რა დეტალზეა დაბინძურება – საბურავზე, სალონში თუ მთლიანად დაბინძურებულია. აფასებენ, ექვემდებარება თუ არა გაწმენდას და ა.შ. დაბინძურება, რაც დაფიქსირებულა, თითქმის ყველა შემთხვევაში დაექვემდებარა გაწმენდას,” – ამბობს გედევანიშვილი.

მისივე განმარტებით, გაწმენდა განსაკუთრებულ პროცედურას არ საჭიროებს. დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში რადიაცია წყლით ირეცხება.

”წარმოიდგინით რომ მანქანამ გაიარა და სადღაც რადიაციული ლაქა იყო და საბურავით შეეხო. ერთ წვეთზეც რომ გადაიროს საბურავმა, ის წვეთი საბურავზე რჩება. დაახლოებით ამ ტიპის შემთხვევებია ხოლმე ხშირად, ის წვეთი საბურავიდან ჩამოირეცხება. როცა დაბალია დონე, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული პროცედურა არ სჭირდება” – განმარტავენ ბირთვული და რადიაცული უსაფრთხოების სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები