კახა მამულაშვილი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სასამართლოს ელოდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მეგობრების მონახულებაც მოასწრო და ერთ-ერთი არხის ჩაწერაზეც გამოჩნდა მეუღლესთან ერთად.
„რუსთავი 2“-ის გასართობი არხი „მარაო“, რომლის დირექტორიც მაია ასათიანი გახლავთ, ახალი სეზონისთვის ემზადება. ვინაიდან „პროფილმა“ ფორმატი შეიცვალა, თოქ-შოუში სიმღერების პრემიერები აღარ მოეწყობა, ამ ფუნქციას კი მთლიანად „მარაო“ აიღებს საკუთარ თავზე. სწორედ ამისთვის შეკრიბეს ჩაწერაზე ქართული შოუბიზნესის წევრები, რომლებმაც ახალი სიმღერები კამერების წინ შეასრულეს. გამოსვლები ცალკე ნომრებად დაიჭრება და „მარაო რუსთავი 2“-ის ეთერში იტრიალებს.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მომღერლებს კლიპების გადაღების საშუალება ნაკლებად გაქვს, ეს ქართული შოუბიზნესისთვის ურიგო გამოსავალი არ უნდა იყოს.
ჩაწერაზე სხვა შემსრულებლებთან ერთად იყო ნინი ბადურაშვილიც, რომელმაც ორი სიმღერა შეასრულა და ორი კაბა მოირგო გადაღებისთვის.
ლელა წურწუმია კი მამულიჩასთან ერთად მივიდა. წყვილმა სარკის წინ ერთობლივი ფოტოც გადაიღო და „ფეისბუქზე“ განათავსა. მამულიჩამ ფოტოს წარწერაც დაურთო: „მიყვარს ეს გოგო ძალიან“. მოგვიანებით პროდიუსერმა კიდევ ორი ფოტო გამოაქვეყნა გადაღებიდან ნინა წკრიალაშვილთან ერთად. ნინამ მამულიჩას გათავისუფლება კოცნით მიულოცა.