„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დევნილთა განსახლების კუთხით არსებულ პრობლემებზე განცხადებას ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მაჩვენებელმა იმატა, ათიათასობით ოჯახი საცხოვრებელ ფართს დღემდე ელოდება და მათი ნაწილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობს. მთავრობისთვის მათი განსახლება და ამ მიმართულებაზე ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფა პრიორიტეტი უნდა იყოს“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, დევნილთა ნაწილის დღემდე სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობებში დარჩენა, წლების განმავლობაში განსახლების პროცესის არასათანადოდ მართვაზე მიანიშნებს.