საფრანგეთში განიხილავენ დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებას, რათა მშობლებს მეტი დრო ჰქონდეთ ახალშობილებთან ყოფნისთვის. დაგეგმილია, რომ არსებულ შვებულებას თითოეული მშობლისთვის დამატებით ორი თვე დაემატოს. ამჟამად დედების შვებულება 16 კვირას გრძელდება, ხოლო ბავშვის მოვლის შვებულება მამებისთვის – 28 დღეს.
მშობლებს შვებულების აღება შეეძლებათ როგორც ერთდროულად, ისე მონაცვლეობით.
ეს ინიციატივა შეტანილია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში. თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს, ახალი წესი 2027 წლიდან ამოქმედდება.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია დეკრეტული შვებულების პერიოდის ანაზღაურების გაზრდა – დაახლოებით ხელფასის 60–70%-მდე, იმ დონეზე, რაც მშობელს დეკრეტში გასვლის მომენტში ჰქონდა.
საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანია, ორივე მშობლის და არა მხოლოდ დედის, უფრო აქტიური ჩართულობა ბავშვის მოვლაში და სქესთა შორის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება. დღეს ქალებს ხშირად უწევთ კარიერის დავიწყება ბავშვის გაჩენის შემდეგ, მაშინ როცა კაცები, როგორც წესი, აგრძელებენ მუშაობას, რაც დროთა განმავლობაში იწვევს შემოსავლებსა და კარიერულ შესაძლებლობებში განსხვავებას.
აღსანიშნავია, რომ დედების ტვირთის შესამსუბუქებლად მსგავსი ნაბიჯები სხვა ქვეყნებშიც იდგმება. მაგალითად, შვედეთმა დეკრეტული შვებულების უფლება ბებია-ბაბუებსა და ოჯახის მეგობრებსაც მისცა.