LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახური: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლება მიზანშეწონილი არ არის

166
თემირლან მაჩალიკაშვილი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე  გამოძიების განახლების მიზანშეწონილობა არ არსებობს.

საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო.

როგორც უწყება წერს, 2024 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მოწოდებას გამოძიების განახლების თაობაზე და იგი მხოლოდ აკეთებს დათქმას რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს აღნიშნული საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა – რა წერია დოკუმენტში

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის ფარგლებში შესწავლის მიზნით გამოითხოვა მაჩალიკაშვილის საქმე, რომელზეც გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა.

შესწავლის დასრულების შემდეგ სამსახურმა მიიღო დადგენილება, რომელშიც დეტალურად და არგუმენტირებულად არის ახსნილი, თუ რატომ ვერ ხედავს უწყება გამოძიების განახლების მიზანშეწონილობას.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო იმავე დღეს, როცა ჩატარდა სპეცოპერაცია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე და გაატარა მრავალი ღონისძიება, რათა შეეგროვებინა და დაეცვა მტკიცებულებები გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, გამოკითხა მოვლენებში მონაწილე თითქმის ყველა პირი, პოტენციური მოწმე და ჩაატარა არაერთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.

შემთხვევის ადგილის სათანადოდ დაცვის საკითხის შეფასებისას, სასამართლო დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სერიოზულად დაშავებული პირისთვის პირველადი დახმარების გაწევის აუცილებლობა უპირატესია შემთხვევის ადგილის დაცვის მოთხოვნებთან შედარებით.

ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დადებითად შეაფასა მომჩივანთა მონაწილეობა გამოძიების პროცესში, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ გამოძიების მასალას, ხოლო მათი მოთხოვნები, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და სწორედ მათი მოთხოვნით დაიკითხნენ დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე და ოფიცრები.

თუმცა, ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ასევე დაადგინა ცალკეული პროცესუალური ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც სამსახურმა საქმის შესწავლის შედეგად გამოტანილ დადგენილებაში თითოეული საკითხი ამომწურავად განმარტა.

კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, ინციდენტის შემდეგ პირველი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც არ შეიძლება ჩათვლილიყო დამოუკიდებელ პირად.

სამსახურმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა და განმარტა, რომ პირველადი საგამოძიებო მოქმედება დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების თანამშრომლებსაც რომ ჩაეტარებინათ, მაინც იარსებებდა რისკი, რომ მტკიცებულება განადგურებულიყო, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მისვლას დაჭირდებოდა გონივრული დრო და ამ დროში მტკიცებულებასთან წვდომა კვლავ ექნებოდა ოპერაციის ჩამტარებელ უწყებას.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, მაჩალიკაშვილის და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეებს შევისწავლით“ – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით, სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

ამავდროულად ასეთ რისკებს აზღვევს საქმეზე ჩატარებული უამრავი სხვა საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება აღნიშნული დარღვევის ნაწილში გამოძიების განახლების საკითხს, სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოძიების განახლება ამ კომპონენტში არაგონივრულია, ვინაიდან – ჩხრეკის ჩატარება არის შემდგარი ფაქტი და გამოძიების განახლების შემთხვევაშიც, შეუძლებელია იმავე ვითარებაში ჩატარდეს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ხელახალი გამოძიებისთვის შედეგის მომტანი იქნება.

ევროპულმა სასამართლომ ხარვეზად მიიჩნია, რომ პროკურატურა შეზღუდული იყო ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის შეფასებისას, რასთან დაკავშირებითაც სამსახური დადგენილებაში განმარტავს, რომ ვინაიდან სპეციალური ოპერაციის ჩატარებამდე, ჩატარებისას და ოპერაციის შემდგომ არ მომხდარა არსებული მონაცემების დოკუმენტირება და ანგარიშის შედგენა, ხელახალი გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, ვერ იქნება მოპოვებული და ამოღებული ასეთი დოკუმენტები, რადგან ისინი ფიზიკურად არ არსებობს და უფრო მეტიც, მათი შედგენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამართლებრივად არ ევალებოდა.კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც ევროპული სასამართლო საუბრობს, მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილე და ღონისძიებასთან დაკავშირებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, გამოიკითხნენ დაგვიანებით.

სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ სპეცრაზმელთა დაგვიანებით გამოკითხვა იყო ვინმეს დანაშაულებრივი მიზანი ან/და ნება. გამოძიებით დადგენილია, რომ მათი გამოკითხვა დაკავშირებული იყო საიდუმლო დოკუმენტაციის გასაიდუმლოებასთან, რის შემდეგაც სამართალდამცავებს ჰქონდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში.

სპეცრაზმელებმა, თუნდაც დაგვიანებით გამოკითხვის პირობებში, გამოძიებას მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოზიციების შეთანხმების რისკი ჰიპოთეტურად მაინც იარსებებდა იმ პირობებში, როდესაც ისინი ერთ უწყებაში მუშაობენ და ნაცნობობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ.

შესაბამისად, გამოძიების ის მიზნები, რომლებიც დაკავშირებული იყო სპეცრაზმელთა გამოკითხვასთან და მომხდარის ირგვლივ მათგან დეტალური ინფორმაციის მიღებასთან, შესრულებულია. ამდენად, გამოძიების განახლება ამ საკითხთან დაკავშირებით არის მოკლებული გონივრულ საფუძვლებს და მიზანშეუწონელია.

ასევე, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს არ მიეცათ სისხლის სამართლის საქმის საიდუმლო მასალაზე წვდომა, რამაც შეზღუდა მათი შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ გამოძიებაში. სამსახურმა შეისწავლა აღნიშნული გარემოება და შეაფასა, რამდენად არის ეს გარემოება გამოძიების განახლების საფუძველი.

კერძოდ, საქმის საიდუმლო მასალების მომჩივნებისთვის დაგვიანებით გაცნობას არ გამოუწვევია იმ სახის არსებითი ზიანი, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა გამოძიების შედეგებზე. მხედველობაში იქნა მიღებული საიდუმლო რეჟიმის დოკუმენტებთან განსაკუთრებული და შეფასებითი მიდგომის წესი.

ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ იმ საგამოძიებო მიმართულებებით, რომლებშიც მომჩივანი მხარის ჩართულობა შეზღუდა საიდუმლო მასალების დაგვიანებით გაცნობამ, საგამოძიებო ორგანოს ჩატარებული ჰქონდა უამრავი სხვა მოქმედება და მიიღო გონივრული ზომები საქმეზე არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დასადგენად. საბოლოოდ, საქმის საიდუმლო მასალებს და მასში არსებულ ინფორმაციას მომჩივანი მხარე გაეცნო.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მინიშნება, რომელიც აფიქრებინებდა გამოძიებას, რომ მათი დაგვიანებით გაცნობა არის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი.

„თემირლანს ბავშვობიდან სიყმაწვილეში გადასვლაც არ დააცადეს.. ან ის როგორ ძლებს იქ, ან მე როგორ ვძლებ აქ“ – თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები

შესაბამისად სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი. როგორც მაჩალიკაშვილის, ასევე ოჩიგავას საქმეებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაეგზავნება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და განმცხადებლებს“. – წერს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

For English scroll down ⤵️ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის…

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on Tuesday 18 June 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g