LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას წარადგენს

91

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხვალ, საქართველოს პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ROADMAP2EU კონცეფციას, წარადგენს, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დოკუმენტის კონცეფციას საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგენს.

ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის დევიზია – „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“. დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისათვის.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა დაეყრდნობა შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:

ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, სრული და ეფექტიანი იმპლემენტაცია;

ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება;
დემოკრატიული განვითარება და სექტორული ინტეგრაცია;

ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის გაღრმავება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში;
ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაფართოება;

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების განხორციელება;

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის ანალიზი და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების საერთო კოორდინაციას განახორციელებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია, ასევე მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი და თემატური სამუშაო ქვეჯგუფები. საგზაო რუკის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით დოკუმენტის შემუშავების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფართოდ იქნებიან ჩართულნი, საქართველოს პარლამენტი, ასევე აკადემიური, ბიზნეს წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, საქართველოს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის და ახალი შესაძლებლობების მიღწევის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა განცხადება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების დაწყების შესახებ. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები