LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა და სკოლის დირექტორების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლების ფაქტები გამოვლინდა

123
ნონა ქურდოვანიძე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა სახელმწიფო ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა და სკოლის დირექტორების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლების ფაქტები.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 4 საქმე შეისწავლა, სადაც სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები გამოვლინდა. ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ეს კანონის დარღვევაა.

„იდენტიფიცირებული 4 შემთხვევიდან 3 შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, დისკრიმინაციის საფუძველზე ან „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო გაათავისუფლეს. კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე და სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით, ხოლო შემდგომ უკვე საბოლო გადაწყვეტილების მიღება არის სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში. იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევას ვერ ახერხებს, მინისტრს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქვს უფლება, კონკრეტული დირექტორი დანიშნოს. შესწავლილი საქმეებიდან ორ შემთხვევაში, პირი მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა, სამეურვეო საბჭოსთვის არ მომხდარა მათი კანდიდატურების გადაგზავნა. აქ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ის პირები, რომლებიც წარადგინეს, არცერთი მათგანის შერჩევა არ მომხდარა სამეურვეო საბჭოს მიერ. მიუხედავად ამისა, დირექტორის უფლებამოსილების შემსრულებელ პირებს მინისტრმა უფლებამოსილება შეუწყვიტა და მათ ნაცვლად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, 3 პირი დანიშნა. სამივე შემთხვევაში იკვეთება ის, რომ შესაძლოა, ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით გაათავისუფლეს“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლებული პირი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ მას მოსთხოვა სამუშაო პროგრამიდან იმ ნაწილის ამოღება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობდა.

„როგორც თავად აღნიშნავს, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, მას პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა ურჩია. ამავე საუბრის დროს მან ყურადღება გაამახვილა მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე და სააგენტოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, სოციალურ ქსელში გაზიარებულ კრიტიკულ პოსტებზე. მან განცხადება არ დაწერა, თუმცა, ამის შემდგომ რეორგანიზაცია განხორციელდა და ამ საფუძვლით მოხდა მისი გათავისუფლება“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, ოთხივე შემთხვევაში გათავისუფლებული პირები მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებებით გამოირჩეოდნენ.

„წინასაარჩევნო პერიოდში სკოლის დირექტორების და სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან თანამშრომლების გათავისუფლება, სავარაუდოდ, პოლიტიკური განსხვავებით ნიშნით, დისკრიმინაციის საფუძველზე განხორციელდა. პირის დისკრიმინაცია და მისი უსაფუძვლოდ გათავისუფლება არის კანონის დარღვევა. ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს პირის იძულება, საკუთარი ინიციატივით დაწეროს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისი განმარტებით, საია აგრძელებს ამ და სხვა მსგავსი ფაქტების გადამოწმებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია დამატებით ორ საქმეს სწავლობს, რომელთა შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მოგვიანებით მიეწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g