საპარლამენტო უმრავლესობაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებაზე აზრთა სხვადასხვაობაა.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საპალამენტო უმრავლესობის წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა და ნინო გოგუაძემ განაცხადეს, რომ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან.
„ჩემი თხოვნა იქნება, რომ ასეთ სტადიაზე ცვლილებები კონსტიტუციაში არ შევიდეს. ჩვენ ვართ OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ სხვა ქვეყნებს უნდა ვაძლევდეთ სტანდარტს გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. არასდროს ქვეყანაში პრობლემა ზედმეტ გამჭვირვალობას არ შეუქმნია, პრობლემას ქმნიდა ზედმეტი დახურულობა“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ნინო გოგუაძის განცხადებით, შესაძლოა მსგავსი ცვლილება სწორი იყოს, თუმცა ამის განსახილველად არსებული დრო საკმარისი არ არის.
“ჩემთვის ახლა დგას საკითხი, რომ ეს ცვლილებები არის მთელ კონსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ, მე არ ვიცი, ახლა არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ამის გარეშე და ამასთან ერთად გავაკეთოთ კენჭისყრა,“ -განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ირაკლი კობახიძე კი მსგავსი ცვლილების მიღების პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ საკითხს განსაკუთრებული მსჯელობა არ სჭირდება.
“სტანდარტი სერიოზულად უმჯობესდება ნაცვლად იმისა, რომ არსებული სტანდარტი შევინარჩუნოთ. ეს არის მოცემულობა და ამას რატომ სჭირდება განსაკუთრებული თავშეკავება, თუ კითხვის ნიშნებიც კი ვერ ისმება ამასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.