„ექიმები თეთრი ხალათებით” – ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში სოლიდარობის აქცია გაიმართა. სამედიცინო პერსონალმა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დაკავებულ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ცენტრის ექიმებმა აღნიშნეს, მოქმედი რეგულაციების მიხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ და წინასწარი პატიმრობის გამოყენება მიუღებელია.
„ექიმები თეთრი ხალათებით სამედიცინო დაწესებულებების წინ გააპროტესტებენ ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. ასევე, სამშაბათს 17:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება ბრიფინგი/აქცია, რათა რეგულირების სააგენტომ გადასინჯოს თავისი დასკვნა, რითაც ექიმებს სრულიად დაუსაბუთებლად ბრალად ედებათ უკანონო სამედიცინო საქმიანობა. სააპელაციო სასამართლოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართება წინასწარი პატიმრობის გასაჩივრების წარდგენის დღეს.
გაერთიანება წერილით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ სამედიცინო ჩარევის კლასიფიკატორის NSCP -ის მიხედვით – ის სამედიცინო ჩარევა ( მისი კოდი), არ მიეკუთვნება იმ ტიპის ჩარევას , რისი განხორციელების უფლებაც არ ჰქონდა დაკავებულ ვახტანგ ყიფიანს. უფრო მეტიც, მეორე ოპერაციის დროს სამედიცინო მანიპულაცია საერთოდ არ განხორციელებულა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს
ჯანდაცვის მინისტრი დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციები, რათა მსგავსი “გაუგებრობა” არ მოხდეს და ანალოგიურ სიტუაციაში სხვა ექიმებიც არ აღმოჩნდნენ.
ეკატერინე ტიკარაძეს განმარტებით, სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
„მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო საკანონმდებლო, რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა გარკვეულ გაუგებრობაში და დღეს მას ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი. სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს არაერთი ქმედება, რომ სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში, მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში მომზადდეს რეგულაცია, რომ ვახტანგ ყიფიანის მსგავსად სხვებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში.
ასევე, არაერთი მსჯელობა მოჰყვა სამინისტროს მხრიდან ინიცირებულ კანონს, რის შედეგადაც სამინისტრო იძულებული გახდა, გამოეწვია ის საკანონმდებლო ორგანოდან. ამიტომ, უმოკლეს ვადაში უნდა იქნას მიღებული, რადგან მსგავსი შემთხვევები დარეგულირდეს რეგულირებისს სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის“ – განაცხადა მინისტრმა.
ტიკარაძის განცხადებით, მას არ აქვს უფლება კონკრეტული დასკვნა მიიღოს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ბრალდებული ექიმი დამნაშავე, თუმცა მისივე განმარტებით, აქ საუბარია დანაშაულის სიმძიმეზე.
პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, არალიცენზირებულმა ექიმებმა ჩაუტარეს, ის დღემდე კომაშია – პროკურატურა
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას – პატიმრობა. მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
,,სირცხვილია ასე მოექცეთ ექიმს, ვისი დახმარებაც შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ და სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ” – ინგა ბოჭორიშვილი