“ეკონომიკის სამინისტრო ისე ყიდის მიწებს, რომლებსაც ადგილობრივი მოქალაქეები, სხვადასხვა ყოფითი მიზნით, წლების მანძილზე მოიხმარენ, რომ მათ ამის შესახებ არც კი ატყობინებს.” – პოლიტიკური მოძრაობა “დროა” პრივატიზების კორუფციულ სქემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხშირად სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება და მიწები, კერძო მფლობელობაში საეჭვო ვითარებაში და კორუფციული სქემების მიხედვით გადადის.
გავრცელებულ ინფორმაციაში “დროა” ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზების იმ შემთხვევებზე საუბრობს, როდესაც მფლობელები “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები გახდნენ.
“სოფელ მოხისში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი 28 ჰექტარი (ს/კ 68.05.43.168), რომელიც 5 წლიანი იჯარით, სოფლის რამდენიმე ოჯახს ჰქონდა სარგებლობაში და რომელზეც საგაზაფხულო სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო, აუქციონზე გაიყიდა. ვადის გასვლის შემდეგ, ადგილობრივებმა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას და ეკონიმიკის სამინისტროს იჯარის გახანგრძლივების თხოვნით მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ მერია მათ მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაჰპირდა, მიწის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი 15 აპრილს დასრულდა და მასში 3 დღით ადრე, 12 აპრილს, დაფუძნებულმა შპს აგროინდუსტრიამ (ს/კ404614182) გაიმარჯვა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, შპს აგროინდუსტრიას რამდენიმე მეწილე ჰყავს:
ჯონდო ნანეტაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირის, ბადრი ნანეტაშვილის ძმა.
შპს აქცეპტი – რომლის 80% წილის მფლობელი 2013 წლამდე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე გახლდათ, ამჟამად შპს აგროინდუსტრიის 10%-ან წილს ფლობს. მისი ახლანდელი აღმასრულებელი დირექტორი და მეწილე “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველი, კახა კობიაშვილია . “აქცეპტის” მეორე მეწილე, ლერი კაპანაძეც მმართველი პარტიის შემომწირველია (შეწირული თანხა – 230 000 ლარი). ცნობისთვის, შპს აქცეპტის მფლობელობაში იყო ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია “მეცხრე არხი”.
ვაჟა გორდიაშვილი – საქართველოში მოღვაწე ამერიკის მოქალაქე ბიზნესმენის, ვალ ირელის ქონების უკანონო დატაცების საქმის ფიგურანტი.
“დროა” კიდევ ერთ შემთხვევაზე საუბრობს – ქარელში – ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა 2018 წელს საკუთარ თავს, სოფელ ბრეთის მეურნეობაში არსებული, 93 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადასცა.
“იგი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის და, ამჟამად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ახლობელია. გულიაშვილის გვარი 2019 წელს სოფელ რუისის სპორტული მოედნის გასხვისების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებითაც გვხვდება. მან ადგილობრივებს, რომლებიც მოედნის გასხვისებას ეწინააღმდეგებოდნენ, კამერების წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ პროტესტს შეეწირა ქარელის მუნიციპალიტეტის საქართველოს ფოსტის მმართველის, ანა ბალიაშვილის თანამდებობაც. იგი პოლიტიკური ნიშნით, კუთვნილი კომპენსაციის და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან.” – აღნიშნულია პოლიტიკური მოძრაობა “დროას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.