საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, საჭიროა, დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება.
პაპუაშვილი მოუწოდებს ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში.
“რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო ცვლილება დაინიცირდა, რომლითაც ჩვენ იმ მემორანდუმის ბოლო პირობას ვასრულებთ, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა, შემდეგ „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდნენ.
ამ ახალი ინიციატივით, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს, ბოლო პირობას ვასრულებთ. ორი მიმართულებითაა ეს ცვლილება:
შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას და ოპოზიციის როლის გაძლიერებას პარლამენტში.
ეს შეეხება საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებისთვის 7 დეპუტატის ნაცვლად, 4 დეპუტატის თანხმობას. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორივე ცვლილება კონსტიტუციაში ცვლილებას მოითხოვს, კერძოდ, მის გარდამავალ დებულებებში. კონსტიტუციის ცვლილებისთვის, იმისთვის, რომ ის მყისიერად ამოქმედდეს, საჭიროა 113 ხმა, 3/4.
დღეს პარლამენტში აქტიურად საკუთარ მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. ამიტომ საჭიროა, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება.
მინდა დღევანდელი მედიაციის გათვალისწინებით ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, დაფიქრდნენ საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ამომრჩეველზე, სხვა პარტიის ამომრჩევლებზე, მათ შორის „ქართული ოცნების“, „მოქალაქეების“ ამომრჩევლებზე და ამ პასუხისმდებლობიდან გამომდინარე, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და შემოვიდნენ პარლამენტში!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.