დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები უმცირესობაში არიან, რადგან ქვეყანაში პოლიტიკა ეპიდსიტუაციაზე მაღლა დადგა“. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გუშინ გააკეთა.
გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, პოლიტიკური კამპანია აცრებზე საუბრით დაიწყონ, რადგან ქვეყანაში არსებული რთული ეპიდსიტუაციის დასრულება აცრებზე გადის.
„საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ ვართ უმცირესობაში. ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით. შარშან გაზაფხულზე უფრო მეტი სოლიდარობა იყო. დღეს სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საჯილდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემით იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. შარშან ეს არ ყოფილა, იყო მეტი სოლიდარობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.