გიორგი შაქარაშვილის ბიძაშვილი, ჟურნალისტი სალომე ონაშვილი სოციალურ ქსელში გიორგის ერთ ფოტოს აქვეყნებს და მის შესახებ მოგონებებს წერს:
„გიო❤ბოლოს მგონი 14 ივნისს ვნახე, საღამოს… გიოსთან ვიყავი. სტუმართმოყვარე ოჯახი აქვს მამიდაჩემს და თითქმის ყოველ საღამოს შეკრება გვაქვს, ყველას უყვარს მათთან მისვლა❤ როგორც ყოველთვის, ვხუმრობდით და ვსაუბრობდით… უკვე საკმაოდ გვიანი იყო, წამოსვლა რომ დავაპირე, ანიმ დარჩიო, მერე გიომაც, “მიდი, გასასვლელი ვარ, მალე მოვალ და იყავიო”. არა, დილით საქმე მაქვს, ტაქსს გამოვიძახებ და წავალ-მეთქი. კაი, მაგრამ ბარემ ერთად გავიდეთ, დამელოდე და მე გაგაცილებო (არადა სხვა გზით მიდიოდა). არა, რატომ უნდა გაიმრუდო გზა, ჩემით წავალ-მეთქი. გინდა თუ არა, მე უნდა გაგაცილოო (ახლოს ვცხოვრობთ თან, ფეხით სადღაც 20 წუთის სავალზე). გიომ და გურიმ გამაცილეს. რაღაცებს მიყვებოდნენ და კარგად მაცინეს. კიდევ დარჩი ცოტა ხანი, ვილაპარაკოთო. დაჟინებული თხოვნის შემდეგ ცოტა ხანი ვიყავი, მაგრამ მალევე ავედი. გიოს ყელში გემრიელად ვაკოცე, ჩავეხუტე, ისიც ჩამეხუტა, მაკოცა (იმის მიუხედავად,რომ მოფერება დიდად არ უყვარდა) და სახლში ავედი. მომაძახა, “მიდიი, მიდი და მერე გნახავო”… ვეღარ ვნახე… რომ არ გავყოლოდი გასაცილებლად, მთელი ცხოვრება ვინანებდი… ახლაც ვნანობ, უფრო დიდი ხანი რომ არ გავჩერდი… სიცილით მეუბნებოდა, (რამდენჯერმე მქონდა ნათქვამი, ინტერვიუ ჩამაწერინე-მეთქი, რაზეც სულ უარით მისტუმრებდა). “სალჩიკ, ჯერ ჩემზე არანაირი სტატია არ დაწერო, აი, უფრო დიდი მიღწევები რომ მექნება, მერე დაწერე, დაჟე, ინტერვიუსაც მოგცემო”. პირობა შეასრულა… რაც არ მიწერია, ახლა დამაწერინა“.
