გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და გარკვეულ პირებს ძმის საავტორო უფლებების დარღვევასა და მისი უნიკალური მუსიკალური ვერსიების მითვისებაში ადანაშაულებს.
როგორც სალომე კბილაშვილი აღნიშნავს, ლევანის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც, ზოგიერთი ადამიანი (რომელთა ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს) მომღერლის მიერ შექმნილ ვერსიებს საკუთარ შემოქმედებად ასაღებს.
მომღერლის და ხაზს უსვამს, რომ საუბარია სიმღერის „ახ ტურფავ, ტურფავ“ ლევანისეულ, ოფიციალურად დაცულ ვერსიაზე, რომელიც შესულია ალბომში „Pan-Geo & Levan Kbilashvili“.
სალომე კბილაშვილის თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, კონკრეტულმა შემსრულებელმა სიმღერა ლევანის გარდაცვალების დღესაც შეასრულა.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საიდან დავიწყო, არ ვიცი, მაგრამ შევეცდები ყველაფერი თანმიმდევრულად მოვყვე…
ძალიან გაბრაზებული ვარ და ამ თემაზე დუმილის შენარჩუნება უბრალოდ შეუძლებელია. ყველამ კარგად იცით, თუ რა იყო ლევანისთვის მუსიკა და რა ფაქიზად, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თითოეულ დეტალს. სანამ რომელიმე სიმღერის საკუთარ ინტერპრეტაციას შექმნიდა, თვეების განმავლობაში ფიქრობდა და მუშაობდა. მაგალითად, გოგი დოლიძის რეპერტუარს ძალიან დიდხანს საერთოდ არ ეკარებოდა, უდიდესი რიდისა და პატივისცემის გამო.
როდესაც აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო და ალბომზე მუშაობდა, მთელი თავისი ენერგია მასში ჩადო. სამწუხაროდ, ამ ალბომის დასრულებულ ვერსიას და გამოშვებას თავად ვერ მოესწრო… მან ამ საქმეს, ამ მუსიკას შესწირა სიცოცხლე. თითოეულ სიმღერას თავად შესძინა სრულიად ახლებური, უნიკალური ჟღერადობა. ის, რასაც სცენაზე აკეთებდა, არ ყოფილა მექანიკურად დაზეპირებული ბგერები, ეს იყო მუსიკა, რომელიც მასში თავისთავად, სულიდან ამოდიოდა.
რატომ ვწერ ამ ყველაფერს: სამწუხაროდ, ლევანის სიცოცხლეშიც და ახლაც, როცა ის ჩვენს გვერდით აღარაა, გარკვეული ადამიანები ( გვარს და სახელს შეგნებულად არ დავასახელებ) როგორც საზღვარგარეთ, ისე აქ, საქართველოშიც უცხო ტონალობითა და ამპარტავნებით ცდილობენ მისი სიმღერების, მისი უნიკალური ვერსიების მითვისებას. გამოაქვთ ეს მუსიკა საზოგადოების წინაშე და ასაღებენ ისე, თითქოს მათი შემოქმედების ნაწილია.
მინდა ყველამ მკაფიოდ გაიგოს: არავის მივცემთ უფლებას, დაარღვიოს ლევანის საავტორო უფლებები და მიითვისოს ის, რასაც მან საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეწირა! სრულიად უნამუსოდ გამოდიან სცენაზე, მღერიან და ერთი სიტყვითაც კი არ ახსენებენ, რომ ეს ლევანიკოს მიერ შექმნილი ვერსიაა. ამით ეს ადამიანი ელემენტარულ მორალურ და კოლეგიალურ პატივსაც კი არ სცემს მის ხსოვნას. ლევანიც ასრულებდა სხვის სიმღერებს, მაგრამ ყოველთვის ქმნიდა საკუთარ, ინდივიდუალურ ვერსიას და არავის შრომას არ ითვისებდა. თუ ვინმეს სიმღერა უნდა, ადგეს, გააკეთოს ახალი ვერსია და ისე იმღეროს ლევანიკოს ნამუშევარს, მის ხელწერასა და საავტორო უფლებებს თავი დაანებოს!
ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ეს ადამიანი მაინც ჯიუტად აგრძელებს ამ სიმღერების მითვისებასა და შესრულებას, თან ლევანის გარდაცვალების დღეს… იმედს ვიტოვებ, რომ სოციალური ქსელიდან წაშლის ამ ჩანაწერს, პატივს სცემს კანონს და აღარასოდეს გაეკარება ლევანის რეპერტუარსა და მის მიერ შექმნილ ვერსიებს. ახლაც კი ვცდილობ, ემოციები მოვთოკო და მაქსიმალურად მშვიდად დავწერო ეს ყველაფერი…
და ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად როგორ არ გაგაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მაგარი მუსიკა შექმნა ადამიანმა, რომლის სიმღერითაც თავად ვერც კი იჯერა გული და გამოდიან ვიღაცები და თავისად მიიწერენ?!
მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ლევან კბილაშვილისეული, ოფიციალურად დაცული ვერსია სიმღერისა “ახ ტურფავ, ტურფავ“, რომელიც შესულია მის ალბომში “Pan-Geo & Levan Kbilashvili”. და ამ ვერსიის ავტორობასა და უფლებებს ვერავინ წაართმევს ლევანს და მის ოჯახს!“, – წერს სალომე კბილაშვილი.
