„ეს იყო სამარცხვინო გამოსვლა, სჯობდა არაფერი ეთქვა ირაკლი ღარიბაშვილს და გაჩუმებულიყო, როგორც მანამდე იყო გაჩუმებული,” – ასე შეაფასა პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის განცხადებები.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამცირა და შეურაცხყო ის ადამიანები, ვინც დღეს უკრაინაში თავისუფლებისთვის იბრძვიან.
პრემიერი: ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ
„ღარიბაშვილს უკვე უპასუხა დაღუპული ქართველი მებრძოლის მამამ, გამიჭირდება, რომ ამაზე უკეთესად ვუპასუხო მას. გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის, არამედ მან შეურაცხყოფა მიაყენა და დაამცირა ყველა ჯარისკაცი, ყველა ადამიანი, რომელსაც ოდესმე უბრძოლია ამ ქვეყნის და ჩვენი თავისუფლების დასაცავად იმიტომ, რომ მან ფაქტობრივად, დაამცირა ის ადამიანები, რომლებიც დღეს შეიძლება უკრაინაში იბრძვიან, მაგრამ ბევრ მათგანს არაერთი ბრძოლა აქვს გამოვლილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს იყო სამარცხვინო გამოსვლა, სჯობდა არაფერი ეთქვა ირაკლი ღარიბაშვილს და გაჩუმებულიყო, როგორც მანამდე იყო გაჩუმებული, სანამ საზოგადოებრივმა აღშფოთებამ არ აიძულა „ქართული ოცნება“ სამძიმარი მაინც ეთქვა. მსურს შევახსენო ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას“ – ჩვენ 30 წელიწადია ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო, ამ ბრძოლაში მიგვიწია მათ შორის ომების გავლა. დღეს ომი იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ მიიღოს შანსი, იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა, მათ შორის უკრაინაშია. ამიტომ, მადლობა, ბოდიში, მოწიწება მხოლოდ ეს შეუძლია თქვას დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა ადამიანის მიმართ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირა და ზოგმა უზარმაზარი საფრთხის წინაშე დააყენა ჩვენი თავისუფლების დასაცავად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
