იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს დასკვნა. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ახლა, ყველანი ერთად გადავდივართ იმ ძირითადი მოთხოვნის ახალ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესამე სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ შევხვდე ბიძინა ივანიშვილს
„ყველამ ძალიან კარგად იცის, ისტორიაში, თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი არ არსებობს, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც არჩევნების ნდობა არ არსებობს, როდესაც ხელისუფლების ნდობა არ არსებობს როდესაც „ხელისუფლება“ გადასულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების გზა. ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს „შეტევის სტრატეგია“, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან, შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ, დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მით უმეტეს არ არის, რადგან თვითონ „ქართული ოცნება“ ძალიან აჩქარებული ტემპით არის გადასული – ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ მთლიანად არ ჩამოიშალოს მისი სისტემა. სანამ ჩამოიშლება მთლიანად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას ბევრი ბჭობა არ სჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.