ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იდეალური საპრეზიდენტო კანდიდატია.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მმართველ პარტიასა და გუნდს სურს, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები განვითარდეს. სწორედ აქედან გამომდინარე უჭერენ ისინი მხარს სალომე ზურაბიშვილს.
“კანდიდატი სწორედ ამის მიხედვით შეირჩა და შეირჩა იდეალური კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი. როგორ ბედავენ მის ენასა და აქცენტზე ყურადღების გამახვილებას? სალომეს დედაც კი საფრანგეთში დაიბადა, სალომეს მამამ ვერ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და ვერ მიიღო საფრანგეთის. ეს არის ჩვენი იდენტობა, რაზეც ჩვენ ვდგავართ. როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს?! ჯერ დედამ ისწავლა ქართული, შემდეგ სალომემ და ახლა ნახეთ მისი შვილები – ქართულად აღზარდა. აი ეს არის რასაც ვხედავთ – ევროპელი ქალბატონი”, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინც კულტურულად იქცეოდა.
მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. როგორც ქართული ოცნების თავჯდომარემ განაცხადა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი და მოსახლეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს.