LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორში გაზსაცავის მშენებლობა 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება

74

მიწისქვეშა გაზსაცავის გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების მომზადება  8 კომპანიას სურს. სწორედ 8 კომპანიამ წარადგინა საკონსულტაციო მომსახურების გამოცხადებულ ტენდერში საკუთარი განაცხადება.

ის კომპანიები, რომლებიც გადალახავენ ზემოაღნიშნულ ეტაპს მონაწილეობას მიიღებენ ტენდერის შემდგომ საფეხურზე, სადაც წარმოადგენენ თავიანთ ტექნიკურ და ფინანსურ შემოთავაზებებს ტექნიკური დავალების შესაბამისად. საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დაგეგმილია 2018 წლის გაზაფხულზე.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. მშენებლობის პირველ ეტაპზე გაბურღული იქნება ორი შემფასებელი ჭაბურღილი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები. სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

გაზსაცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე. პროექტის ღირებულება, წინასაწარი შეფასებებით, 250 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.

გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას და გარდა ამისა, მომწოდებელი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზის შეუფერხებლად მომარაგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g