საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში ასოცირებული ტრიოს წევრ სამივე ქვეყანას, უკრაინას მოლდოვას და საქართველოს მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან – ერთობლივი ძალებით გამკლავება შეუძლიათ.
მისივე განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევში ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმის შემდეგ ბათუმში გაფორმებული ლიდერთა დეკლარაციის საფუძველზე, ასოცირებული ტრიო შეთანხმდა, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებენ.
„შვიდი წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს მოიცავს, ჩვენმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო მტკიცედ გვაქვს გაცნობიერებული.
ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში, სამივე ჩვენგანს შეგვიძლია საკუთრივ ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან – ერთობლივი ძალებით გამკლავება.
კიევში ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმის, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებული ლიდერთა დეკლარაციის საფუძველზე, ასოცირებული ტრიო შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაბამისად, რათა ერთიანი ძალისხმევით სრული სარგებელი მივიღოთ ამ შეთანხმებებიდან”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.