სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკებში ვიზიტს გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიბილოვი მონაწილეობას დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს, რომლებიც 11 და 12 მაისს გაიმართება.
ბიბილოვი ასევე შეხვდება დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო პრეზიდენტებსაც.
ცნობისთვის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2014 წელს სცნო.
დე ფაქტო რესპუბლიკები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილს აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალებთან ვითარება კი, 2021 წლის მარტის ბოლოს გამწვავდა, დაპირისპირება გასული თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდა. კონფლიქტის ზონაში ბრძოლები სხვადასხვა ინტენსივობით დღემდე გრძელდება.