LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამოქალაქო ომმა დაანგრია თბილისი, მე კი შევიძინე ძმა ბადრის სახით… სოფოს და ბადრის არაჩვეულებრივი ოჯახი კი, სამი შვილით და სამი შვილიშვილით, სიყვარულის, სიკეთისა და სათნოების კუნძულია“ – რას წერს მამუკა ხაზარაძე იუბილარ სიძეზე

683
მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ასევე თანაგუნდელსა და სიძეს, ბადრი ჯაფარიძეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან პირველად შეხვედრის ისტორიას იხსენებს და საზოგადოებას მათ, ერთად განვლილ წლებზე ამბავს უზიარებს:

„დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო!

1991 წელია, ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება მართავს ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. მე ბიზნესის წამოწყების იდეა არ მასვენებს, უამრავი გეგმა და პროექტი მიტრიალებს თავში. ასე თავდამძიმებული მოვედი სახლში. კარი ანიკომ, ბებიაჩემმა გამიღო და სასწრაფოდ აიფარა თითი პირზე, მანიშნა, ჩუმად იყავიო. თან ეს ჟესტიკულაცია ანიკოსგან უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ჩუმად ყოფნაა. მივხვდი, რომ წესიერად, ზრდილობიანად უნდა მოვქცეულიყავი.

გამიკვირდა, ისედაც არ ვიყავი ის ადამიანი, ხმაურით რომ შედის სახლში. იქვე სარკესთან ტყავის, უფრო სწორად, საყოველთაოდ „დერმატინად“ ცნობილი, ტყავის მსგავსი მასალისგან შეკერილი წიგნებით სავსე ჩანთა დავინახე. მივხვდი, სტუმარი იყო სახლში და ბებიაჩემის ეს რეაქციაც ამით იყო გამოწვეული. იმასაც მივხვდი, რომ განსაკუთრებული სტუმარი უნდა ყოფილიყო, აბა, წიგნებით სავსე „პაპკით“ ვინ დადიოდა მაშინ ან თუნდაც ახლა სტუმრად.

ბებიას დავემორჩილე და დარბაისლური სახით შევედი დიდ ოთახში, „ზალაში“, სადაც მაგიდასთან ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი და, სოფო იჯდა, მის პირდაპირ კი-ბადრი. ამ მომენტს სულ განცდით ველოდებოდი, ვერასდროს ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი იმ დროს, როცა სოფოს ხელის სათხოვნელად მოვიდოდა ვინმე.

სულ ვმსჯელობდით მე და ჩემი ძმაკაცი პაატა, უნდა შეგვეღრინა მოსული სასიძოსთვის, გავბრაზებულიყავით, სახლში არ შემოგვეშვა, გვეჩხუბა, გაგველახა? სიმართლე გითხრათ, ეს ვერსია მთლად არ მოგვწონდა. ერთხელ პაატამ ისიც კი მკითხა, აქეთ რომ გაგვლახოსო? პასუხი არ მქონდა. მოკლედ, ათას ვერსიას ვამუშავებდი თავში-სოფო ხომ ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო და არავისთვის მემეტებოდა.

თუმცა ეს წიგნების ამბავი კი მომეწონა, ვიფიქრე, ალბათ მეცნიერია, სერიოზული კაცი და ა.შ. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ გამეცნო, ბადრი მქვიაო, მე მამუკა-მეთქი. ვიციო, მიპასუხა. მშობლები სახლში არ იყვნენ, ოჯახის მთელი პასუხისმგებლობა მე დამაწვა. ბებიაჩემიც არ ჩანდა, ეტყობა სამზარეულოში ტრიალებდა. დაიწყო, მე და სოფოს ერთმანეთი გვიყვარსო.

აუფ! ის გიჟური აზრები ამეშალა, პაატასთან ერთად რომ განვიხილავდი, იმიტომ კი არა, რომ არ მომწონდა, რაც მოვისმინე, უბრალოდ, მაშინ ასე იყო-ძმა უნდა გაჯიქებულიყო, ცოტა დაეძაბა. ყოველ შემთხვევაში, უბანში ასე ამბობდნენ. აბა, ეგრე სადაა, ძმაო, ასე ადვილად, მოხვედი წიგნებით და მიყვარსო, მეუბნები. მოკლედ, რა ვუპასუხო, არ ვიცი.

ამ დროს სოფო მომიტრიალდა, მიხვდა ჩემი სიჩუმის მიზეზს და მითხრა, ბადრი ბაბუა ჟაკოს ჰგავს ძალიან, ესეც ნადირობსო. ჟაკოს ხსენებაზე გამოვფხიზლდი, ის ხომ ჩემი პირადი გმირი კაცი იყო და სულ მეუბნებოდა, მონადირეები კარგი ხალხიაო და ჯერ მთლად არა, მაგრამ ცოტა დათბა. ე.ი. უკვე ორი კარგი ამბავი მაქვს!

ჰოდა, არც ვაციე, არც ვაცხელე, რას საქმიანობ-მეთქი, ვკითხე. მე უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვარო. აუუუ, აი, ამას კი აღარ ველოდი! მოკლედ, სოფოს ძალიან უყვარს, მონადირეა და ჟაკოს ჰგავს, წიგნებით დადის, დეპუტატია, რა ჯობია ასეთ სასიძოს! ვახალე, ცივი შამპანური ხომ არ გესიამოვნება-მეთქი, სულ ერთი ბოთლი მეგულებოდა მაცივარში.

ახლა ამ მომენტზე ხშირად ვიცინით ხოლმე, კიდევ კარგი, მეორე ბოთლი არ მოვითხოვე, ხომ შერცხვებოდიო, მაბრაზებს ხოლმე ბადრი. ყველაფერი იდეალურად აეწყო. დავცალეთ შამპანური, ვისაუბრეთ და შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე, უკვე ოჯახების სრული შემადგენლობით.

მოკლედ, ძმის მოვალეობა კარგად შევასრულე, რაც მთავარია, სოფო კმაყოფილი ჩანდა ჩემი გალანტურობითა და თავაზიანობით. მეორე თუ მესამე დღეს სოფო ატირებული დამხვდა: გარეთ ხმაურია, პარლამენტის შენობას ცეცხლი გაუხსნა ოპოზიციამ და დაიწყო სამოქალაქო ომი, ბადრი პარლამენტის შენობაშიაო.

ბადრი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერია და, ბუნებრივია, იქ იქნებოდა. სამოქალაქო ომმა დაანგრია თბილისი, მე კი შევიძინე ძმა ბადრის სახით, რომელთან ერთადაც, აი, უკვე ოცდათოთხმეტი წელია მოვდივართ, ვქმნით, ვაშენებთ, ყველა წინააღმდეგობას ერთად ვუმკლავდებით და ვიმარჯვებთ.

სოფოს და ბადრის არაჩვეულებრივი ოჯახი კი, სამი შვილით და სამი შვილიშვილით, სიყვარულის, სიკეთისა და სათნოების კუნძულია.“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო! 1991 წელია, ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება მართავს ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. მე…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Wednesday, July 10, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g