გუშინ, პრეზიდენტის მიერ ვიზიტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დღეს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.
“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
ირაკლი ღარიბაშვილმა დღესვე აღნიშნა, რომ “როგორც ჩანს, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი:
” საქართველოს თითოეული მოქალაქე და პირველ რიგში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გვევალება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მოვალეობა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, ანუ კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ამდენი გამოწვევა და პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური თუ ტერიტორიული პრობლემები, თუ სხვა, რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები, ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი. ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია.
როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება”, – თქვა პრემიერმა.
მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რატომ უთხრეს მას საერთაშორისო ვიზიტებზე უარი:
ღარიბაშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საკითხი მთავრობასთან შეათანხმოს, მთავრობა კი გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელების დროს.
მისივე თქმით, მაშინ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა და მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში:
“რატომ არ მისცა მთავრობამ თანხმობა სალომე ზურაბიშვილს – ამაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს, საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი არის ვალდებული, საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან.
მთავრობა გასცემს თანხმობას, ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელების დროს. მე მოსახლეობას ვუხსნი, არც მაშინ, არც ახლა, მაშინ როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მიმაჩნდა, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა და მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში.
ეს ხომ ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაციაა იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებდი, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს, განახორციელებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. აქ ყველაფერი ნათელია და კითხვები აღარ არსებობს”, – თქვა პრემიერმა.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას მთავრობამ ოფიციალურად უარი უთხრა ევროპაში ვიზიტებზე და პირადი კონტაქტები გამოიყენა.
დღეს კი “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
“საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს”, – აღნიშნულია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.