საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „რუსული გალობა, რომ ისმოდეს ქართულ ეკლესიაში წირვაზე, რა პრობლემაა?“, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. ფანჯიკიძის განცხადებით, „სანამ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა გახლეჩილი აქვს რუსეთს და სანამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მართლმადიდებლურ ტაძრებში ქართული გალობა არ ისმის, რუსული გალობა ქართულ ეკლესიაში და მით უფრო ტაძართა ტაძარში, სვეტიცხოველში, სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემა“.
„კი, რუსული გალობა ქართულ ეკლესიაში და მით უფრო ტაძართა ტაძარში, სვეტიცხოველში, „პრობლემაა“, სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემა, სანამ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა გახლეჩილი აქვს რუსეთს და სანამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მართლმადიდებლურ ტაძრებში ქართული გალობა არ ისმის. აი, რომ აღარ იქნება ასე, მერე ყველა ენაზე ერთად ვიგალობოთ ქრისტიანებმა. ხო, ისა კიდევ, მაგ დროს რუსეთში ჩინურ-ბუდისტური მანტრებიღა გაისმება მხოლოდ და მით უფრო მადლი იქნება, ვუგალობოთ სლავური საგალობლები, გავახსენოთ კეთილად.
მინდა რუსეთის ეკლესიამ დაადასტუროს პატივისცემა ჩვენი ეკლესიის მიმართ, უზრუნველყოს უსაფრთხოება და აღავლენინოს წირვა-ლოცვა ჩვენს სასულიერო პირებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მდგარ ჩვენს ტაძრებში ქართულ ენაზე. ეს უნდა მოხდეს ყოველ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულზე.
ვაგროვებ ამ სამართლიანი მოთხოვნის მომხრეებს. ქართული ეკლესიის ერთგულება მინდა აისახოს ლაიქებში.
პ.ს. ქართული ეკლესია ბევრად ძველია რუსულზე და აქეთ მართებს რევერანსი ჩვენთან.“, – წერს ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ისმის, რომ სვეტიცხოველში ღვთისმსახურება რუსულად აღევლინა.