“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებთან შეხვედრის შემდეგ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც აშშ-ის დელეგაციასთან განიხილეს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორები და კონგრესმენები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სანამ ქვეყანას ეროვნული პრობლემა აქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით, მაინც ჰქონდეთ კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, თავისუფლების დასაცავად:
“ამერიკულ მხარესთან დისკუსიის საგანი იყო ის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ოპოზიცია და რაში იქნება საჭირო ქვეყნის პარტნიორების დახმარება. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამანგრეველი ეფექტის მიუხედავად, ინერციით და ჩვენი საზოგადოების დამსახურებით, ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელობა გვაქვს.
ბევრად მეტი ყურადღება გვჭირდება, მაგრამ რაც გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. ეს დელეგაცია, განსაკუთრებით სერნატორი კუნსი, დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური ხაზის გამომხატველია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეროვნული პრობლემა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის სახით, მაინც გვქონდეს კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი თავისუფლება დაცული იყოს და ამის მისაღწევად პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, ასევე, რაში გვჭირდება პარტნიორების დახმარება – ეს იყო დისკუსიის საგანი, ამიტომ ეს ვიზიტი ობიექტურად ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის კონგრესმენები იმყოფებიან, რომლებმაც შეხვედრა გამართეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.