LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს

87
1

პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები მმართველ გუნდს მიმართავენ – პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღოს.

ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს.

საპარლამენტო ოპოზიციას კიდევ ერთი ინიციატივა აქვს – საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება.

“რეფორმების ჯგუფის” წარმომადგენლის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ერთობლივად შეძლოს რეზოლუციის პროექტის ინიცირება და მომავალ სასესიო კვირაში ამ რეზოლუციის მხარდაჭერა:

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის, მოვითხოვთ “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციას იმისთვის, რომ აუცილებელია, ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში და გვაქვს კონკრეტული ზომები და ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად”, – განაცხადა აქუბარდიამ.

როგორც ფრაქცია “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ ვითარებაში ოპოზიციას და უმრავლესობას ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს:

“როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, ეს რეზოლუციები უნდა გახდეს პირველი, რომელსაც მიიღებს საქართველოს პარლამენტი. ეს იქნება ძალიან ნათელი გზავნილი ყველასთვის, როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე რუსეთისთვის, რომ საქართველო და უკრაინა არ აპირებენ დათმობაზე წასვლას და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით სწორედ ამას მოითხოვს დღეს ჩვენგანაც და ჩვენ უკრაინელ მეგობრებთან ერთადაც, რომ ნათელი გავხადოთ ყველასთვის ჩვენი არჩევანი, გავხდეთ თავისუფალი სამყაროს წევრი, გავხდეთ ნატოს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც იქნებიან დაცულნი და ჩვენს სახელმწიფოებრიობას აღარასოდეს აღარანაირი საფრთხე არ დაემუქრება, რომ ეს ისტორიული არჩევანი ქართველი და უკრაინელი ხალხების მიერ აღარ გადაიხედება”, – თქვა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა მმართველ გუნდს მოუწოდა, უახლოეს დღეებში დაიწყოს კონსულტაციები რეზოლუციის ტექსტზე და კომიტეტის სხდომა მოიწვიონ.

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მათ აქვთ ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო კომიტეტთან. საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტებზე კი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მივიდნენ:

“გვაქვს ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციას, უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო კომიტეტთან. საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტებზე მობრძანდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელსაც უკრაინის კონტექსტში საქართველოს მიმართ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხისშემცველ აგრესიულ ქმედებებს გულისხმობს და ასევე მნიშვნელოვანია, ეს იყოს სერიოზული საქმიანი საუბარი.

გარდა ამისა, პარლამენტში არსებობს უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. აუცილებელია, ასევე დაიწყოს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის წევრებმა განვახორციელოთ ერთობლივი ვიზიტი კიევში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

როცა იქნება, შეიკრიბება პარლამენტი და მიიღებს – ჩემი თხოვნაა, გაითვალისწინოთ სახელმწიფო ინტერესები – ირაკლი ზარქუა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები