ვირუსების გავრცელებამ და ერთმანეთს მიყოლებულმა ფატალურმა შემთხვევებმა, პრევენციისთვის ჰიგიენის აუცილებლობაზე საუბარი გაააქტიურა. ხელების ხშირი დაბანა იმ რჩევებში ერთერთი აუცილებელი პუნქტია, რომელსაც აქტიურად არიგებენ ექიმები, თუ რიგითი მოქალაქეები.
ეს თითქოს მარტივი პროცესი, ბევრი ბავშვისთვის რთული ხდება, განსაკუთრებით ზამთარში და განსაკუთრებით ცივ წყალში, რომელიც მათი სკოლის ონკანებიდან მოდის.
სკოლის საპირფარეშოები წყლის, ხელსაბანის, კარის თუ ხელსახოცების გარეშე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და დაუცველი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, განსაკუთრებით, საჯარო სკოლებში – ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს.
“ფორტუნასთან” სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ ძალიან რთულია ჰიგიენური პირობების დაცვა მაშინ, როდესაც საპირფარეშოებში საპონი არ არის, ონკანებიდან კი, მხოლოდ ცივი წყალი მოდის. “ფორტუნა” ესაუბრა, როგორც თბილისის ცენტრში მდებარე, ასევე გარეუბანში არსებული სკოლების მოსწავლეებს.
“ძალიან მიჭირს ჰიგიენური ნორმების დაცვა. საპონი საერთოდ არ არის, მგონი მარტო ორი ონკანიდან მოდის წყალი და ძალიან გაყინულია,” – ამბობს “ფორტუნასთან” გიორგი, რომელიც თბილისის ერთერთ გარეუბანში, საჯარო სკოლაში სწავლობს.
ზოგიერთ სკოლაში არ არის ჰიგიენური საშუალებების პრობლემა, თუმცა ცხელი წყალი ბევრგან ჯერ კიდევ არ მოდის. ამ საკითხზე განათლების სამინისტრო მუშაობს.
“ჩვენს საპირფარეშოში თხევადი საპონია, არც საშრობის და სხვა საშუალებების პრობლემაა, თუმცა ცხელი წყალი არ არის,” – ამბობს “ფორტუნასთან” წერეთელზე მდებარე სკოლის ერთერთი მერვეკლასელი.
“ფორტუნას“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, რომ სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. რეაბილიტაციაში იგულისხმება საპირფარეშოების და სველი წერტილების მოწყობაც.
გეგმის მიხედვით, 2019 წელს 100 სკოლის რემონტია დაგეგმილი. უკვე 7 საჯარო სკოლაში ტენდერია გამოცხადებული. სააგენტოს ინფორმაციითვე, რეაბილიტირებულ სკოლებში კეთილმოწყობილ სველ წერტილებთან ერთად, ცხელი წყალიც არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება ჰიგიენურ საშუალებებს, მათ შორის საპნებს, როგორც სკოლებში “ფორტუნას” განუცხადეს, ყველაფერს განათლების სამინისტროდან გამოყოფილი ვაუჩერით იძენენ.
პრობლემა სკოლებში ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით დიდი ხანია დგას. 2017 წლის 17 იანვარს მაშინდელმა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა, რომ აუცილებლად დადგება ყველა იმ სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელშიც სველი წერტილების მოწესრიგება შესაძლებელი იყო და არ მოწესრიგებულა. ამის შემდეგ ორი წელი გავიდა, ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა მინისტრის ორჯერ შესაცვლელად, თუმცა სკოლის საპირფარეშოებში ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესებისთვის არა.
2017 წელს ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებსაც გულისხმობდა, რომლებიც დღეს მუნიციპალიტეტების ბალანსზე გადავიდა…
ამ ეტაპზე სკოლებში, გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, ზამთრის არდადეგები ერთი კვირით გახანგრძლივდა. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, ბავშვებს კვლავ სკოლაში მიუწევთ მისვლა და ჰიგიენური ნორმების მოუწესრიგებელ სველ წერტილებში დაცვა.