LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლოში ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

100
1

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს, “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორს ლექსო ლაშქარავას.

ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

უწყების ინფორმაციით, დავით კუტალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ლაშქარავას და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

magti 5g