LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო არასოდეს გახდება ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიდგომებს და ოკუპაციას შეეგუება, რადგან ახალგაზრდების მოთხოვნაა ევროპა“ – ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო

125
სანდრო ჭუმბურიძე

„საქართველო არასოდეს არ გახდება ის ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიდგომებს და ოკუპაციას შეეგუება, რადგან ახალგაზრდების მოთხოვნაა ევროპა“, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რუსეთთან აღდგენილი ფრენების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ევროპა არის ის, რაც ჩვენ შინაგანად, შინაგან კულტურაში გვაქვს. ჩვენ ვართ ევროპელები, უბრალოდ გვინდა იმ სივრცეში დაბრუნება, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა კავშირმა იძულებით და ძალით მოწყვიტა ევროპას. საზოგადოებას აქვს მინიმალური პოლიტიკური განათლება იმისთვის, რომ მიხვდეს, ეს არის აგდებული დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან.

პრაქტიკულად გამორიცხულია რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეების ბედი აწუხებდეს. ჩვენი მოქალაქეები არ უნდა მოტყუვდნენ იმ ჟესტებით, რა გადაწყვეტილებასაც რუსეთის პრეზიდენტი იღებს. რუსეთს კარგად ესმის, რომ საქართველოს დაკარგვით კავკასიას კარგავენ. საქართველოს კონტროლით ისინი აკონტროლებენ ჩვენს რეგიონს – სომხეთს, აზერბაიჯანს და ასევე „შუა კორიდორს“ – რაც ჩვენთვის და არ მარტო ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, თუ სტატუსს არ მივიღებთ, ეს იდეალური საჩუქარი იქნება სანქცირებული და გეოპოლიტიკურად დამარცხებული რუსეთისთვის. სანდრო ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მდგრად განვითარებას ნიშნავს.

„ეს მოიზიდავს ინვესტორებს. სტატუსი, ასევე, უფრო მეტ პროგრამულ დახმარებას განაპირობებს ნებისმიერ სფეროში – ეს იქნება სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სასამართლო რეფორმა და ა.შ და ასევე მეტი დახმარება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. სტატუსის მიღების შემდგომ პროგრამული დახმარება ჩვენ გვექნება მცირე ბიზნესისთვისაც. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი არის ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი და მათგან რამდენი თანხა გვაქვს მიღებული – ეს იმას ნიშნავს, ევროპა თვლის, რომ მან თავისი ძალისხმევა ამაში ჩადოს”, – აღნიშნა მან.

 

წყარო: BMGTV