LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა

123
რუკა

Forbes Georgia-ს ცნობით, ამერიკული ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის კვლევის თანახმად, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების დონეს კანონის უზენაესობაზე, მთავრობის ზომაზე, რეგულაციების ეფექტიანობასა და ღია ბაზრებზე დაკვირვებით განსაზღვრავს, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკონომიკური თავისუფლება სინგაპურს აქვს.

სინგაპურმა მაქსიმალური 100 ქულიდან 83.9 ქულა მიიღო. მისი ეკონომიკური თავისუფლების ძლიერი მხარე საკუთრების უფლებების დაცვა, დაბალი კორუფცია, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობა, მთავრობის მცირე ზომა და ბიზნესის კეთების თავისუფლებაა. მთავრობის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 19%-ია. თუმცა სინგაპური, რეიტინგის ათეულში მოხვედრილ 9 ქვეყანასთან შედარებით, სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყანაა.

ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში ასევე მოხვდნენ: შვეიცარია, ირლანდია, ტაივანი, ახალი ზელანდია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი.

აღსანიშნავია, რომ 2000-იან წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო მაღალი ეკონომიკური თავისუფლებით გამოირჩეოდა და გარკვეულ წლებში Heritage Foundation-ის რეიტინგის ათეულშიც კი ხვდებოდა, თუმცა შემდეგ, რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგიისა და საქართველოს რეალობის ცვლილების გამო, თანდათან ჩამოქვეითდა და ამჟამად 35-ე ადგილზეა, ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში.

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების თემა ძირითადად მსუბუქ გადასახადებსა და რეგულაციებთან ასოცირდება, თუმცა ეს ვიწრო ხედვაა. რეალურად, ეკონომიკური თავისუფლება კანონის უზენაესობას (საკუთრების უფლებები, სასამართლო, დაბალი კორუფცია) და მაკროეკონომიკურ საკითხებსაც მოიცავს. შესაძლოა, ქვეყანაში მსუბუქი გადასახადები და რეგულაციები იყოს, მაგრამ თუ კანონის უზენაესობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა არ არის, ბიზნესის კეთება მაინც მაღალრისკიანი და მაღალხარჯიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები