LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მოსაგებად დაგვეხმარება: ბორჯღალოსნები ინგლისელებთან ვარჯიშობენ

32

2018 წლის პირველ მატჩში ქუთაისში ბელგიის 47:0 დამარცხებიდან მეორე დღეს, ბორჯღალოსნებმა გეზი ინგლისისკენ აიღეს, სადაც პლანეტის მეორე გუნდთან – ინგლისთან სამდღიან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ.

ამ ინიციატივით ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი გამოვიდა. ჯერ კიდევ ნოემბრის ტესტ-სერიის წინ, მან თქვა, რომ სურდა მის მორკინალებს „მსოფლიოში საუკეთესო, საქართველოს ნაკრების შერკინებასთან ევარჯიშათ“ და მოგვიანებით ეს სიტყვები კიდევ არაერთხელ გაიმეორა.

თავის მხრივ, ქართულ მხარეს სურდა, რომ ამ შეთავაზებიდან სარგებელი თავადაც მიეღო და მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გაიწელა. და აი, ახლა საქართველოს ნაკრების 29-კაციანი შემადგენლობა ინგლისშია და ექვსი ერის ბოლო ორი წლის გამარჯვებულ გუნდთან ერთობლივ ვარჯიშებს ატარებს, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.

ქართული გაკვეთილები

მილტონ ჰეიგი: „ედი ჯონსის სურვილი იყო, ინგლისის შერკინებას ჩვენთან, როგორც თავად ამბობს „მსოფლიოს საუკეთესო შერკინებასთან“ ევარჯიშა“.
ჩვენ კი გვსურდა, ამ პროცესში მთელი გუნდი ყოფილიყო ჩართული. საქმე ისაა, რომ როდესაც მსოფლიოს მეორე საუკეთესო გუნდთან თამაშის საშუალება არ გეძლევა, საუკეთესო გამოსავალი მათთან ერთობლივი ვარჯიშია და ეს კარგია როგორც ხაზის მოთამაშეებისთვის, ასევე მთლიანი გუნდისთვის.

ერთობლივი ვარჯიშები ფიჯისა და კანადის ნაკრებებთან გვქონდა, ეს მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაგვეხმარა, თუმცა ფაქტია, ინგლისის დონის გუნდთან, ერთობლივი ვარჯიშის შანსი ჯერ არ გვქონია. მსოფლიოს მეორე გუნდთან ერთობლივი წვრთნები იქნება პროდუქტიული არა მხოლოდ ჩვენი მოთამაშეებისთვის, არამედ მწვრთნელებისთვისაც. პროცესში ჩართული იქნება სამედიცინო პერსონალი, დავაკვირდებით მათი მენეჯმენტის მუშაობას“.

ედი ჯონსი: „ჩვენი სურვილია, რომ მსოფლიოში საუკეთესო შერკინება გვყავდეს, ქართველებს კი ყველაზე მძლავრი, ღონიერი და ფანტასტიკური შერკინება ყავს. მათთან ერთად ვარჯიში იდეალური იქნება არა მხოლოდ ექვსი ერის მოსაგებად, არამედ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად. ჩვენ შესანიშნავ პრაქტიკას მივიღებთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები